“ეს არის შანსი” – “სირცხვილია” მხარეებს დოკუმენტზე ხელის მოწერისკენ მოუწოდებს

მოძრაობა “სირცხვილია” ოპოზიციასა და “ქართულ ოცნებას”  მოუწოდებს შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ ახალ დოკუმენტს ხელი მოაწერონ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ოპოზიციას ეკისრება პასუხისმგებლობა, იბრძოლოს ვადამდელი არჩევნებისთვის თვითმმართველობის არჩევნებში დამაჯერებლად გამარჯვების გზით.

 

საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის პასუხისმგებლობა “ქართულ ოცნებას” ეკისრება, თუმცა საქართველოს მმართველი პარტიის სამწუხარო უპასუხისმგებლობა არ ათავისუფლებს ოპოზიციას პროცესში გარდატეხის შეტანის პასუხისმგებლობისგან.გადასალახია ჩიხი, რომელშიც ქვეყანა კარგა ხანია შევიდა და უკეთეს შემთხვევაში ერთ ადგილზე დგას, ძირითადად კი უკან და უკან მიდის. საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ამ პროცესში გაღებული მსხვერპლის სანაცვლოდ, მიიღოს ძალაუფლების დანაწევრების მექანიზმები, რომლებიც ქვეყანას ხელისუფლებების მსგავსი თავგასულობისგან მომავალშიც დააზღვევს.

შეთანხმება, რომელსაც საქართველოს დემოკრატიული განვითარების გულშემატკივრები, ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი გვთავაზობენ, ამ მომენტში, კრიზისის დაძლევის ოპტიმალური საშუალებაა. განახლებულ დოკუმენტში გაწერილია აღსრულების ვადები და გზები. ასეთ ვითარებაში, ხელისუფლებას არ რჩება მორიგი “ტრიუკის” დადგმისა და გადაბრალების შესაძლებლობა. თუ ხელისუფლება რომელიმე აღებულ ვალდებულებას არ შეასრულებს, ბოიკოტის გაგრძელებასთან და ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით კითხვები აღარც შინ იარსებებს და აღარც გარეთ.

ეს დოკუმენტი არის შანსი, პასუხი ვაგებინოთ “ქართულ ოცნებას” იმისთვის, რომ დამოუკიდებელ პროკურატურასა და სასამართლოს, თავისუფალ არჩევნებს და დემოკრატიული ქვეყნის სხვა უმნიშვნელოვანეს ღირებულებებს “კომპრომისად” განიხილავს. ოპოზიციას კი ეკისრება პასუხისმგებლობა, იბრძოლოს ვადამდელი არჩევნებისთვის თვითმმართველობის არჩევნებში დამაჯერებლად გამარჯვების გზით და თან დაამტკიცოს, რომ მისთვის ძალაუფლების დანაწილება არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ძალაუფლება.

რაც შეეხება “გავრილოვის ღამეს”: ჩვენი მოძრაობის პრინციპული პოზიციაა, რომ ამნისტია არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავრცელდეს დანაშაულებზე, რომელიც ჩადენილია სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით საჯარო მოხელეების მიერ. უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც ძალის გამოყენებით დაარბია და დაასახიჩრა დემონსტრანტები და ის, ვინც ამის ბრძანება გასცა. შეთანხმება არ ითვალისწინებს ამნისტიის კონკრეტულ მუხლებს, ამიტომ ეს ნაწილი პარლამენტმა უნდა დაადგინოს, რა პროცესშიც ოპოზიცია უკომპრომისო უნდა იყოს.

გამომდინარე იქიდან, რომ მცირე კომპრომისზე წასვლა უკეთესი მომავლის გარანტად მიგვაჩნია, მოძრაობა “სირცხვილია” მოუწოდებს ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პარტიებს, ხელი მოაწერონ შეთანხმებას, – ნათქვამია მათ განცხადებაში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: