ძალიან ვაფასებ ჩვენი ევროპელი პარტნიორების მცდელობას ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის შესახებ, თუმცა ევროსაბჭოს პრეზიდენტის შემოთავაზებული დოკუმენტის პირველი პუნქტი გაცილებით უფრო გააღრმავებს კრიზისს ვიდრე განმუხტავს.
პირველ პუნქტში აღნიშნულია:
“საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობის ინტერესებიდან გამომდინარე და ამ შეთანხმების შესრულების მიზნით, ხელისმომწერები ვალდებულებას იღებენ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საკითხზე, ამნისტიის საშუალებით და / ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს. კერძოდ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ინიცირება კანონისა ამნისტიის შესახებ, რომელიც 2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება”.
ამ საკითხს ყველა გონიერი ადამიანი ასე შეხედავს: ზემოაღნიშნული მოვლენების გამო ახალგაზრდებმა თვალები დაკარგეს, ბევრმა ადამიანმა მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, ნიკა მელია, ბაჩო თამლიანი, კობა კოშაძე, მე და სხვები თვეობით ვიჯექით ციხეში.
ამ ყველაფრის ფონზე კი რა გამოდის, ამინისტიას “ჩვენი თანხმობით” მიიღებენ გახარიასთვის, გომელაურისთვის, ჩუბინიძისთვის, საბანაძისთვის და სხვებისთვის მხოლოდ იმიტომ რომ ნიკა მელიათი გვევაჭრება ხელისუფლება? ამ ყოვლად მიუღებელ ფასად რომ სდომებოდა/გვდომებოდა ნიკა მელიას განთავისუფლება გირაოს არ გადავიხდიდით?
სხვა საკითხებზე ჯერ არაფერს ვამბობ.
ირაკლი ოქრუაშვილი.