ედიტ პიაფი – ლეგენდარული მომღერლის, დატანჯული ცხოვრება

გასული საუკუნის ლეგენდარული მომღერალი ედიტ პიაფი საფრანგეთის სიმბოლოა. მის ხანმოკლე ცხოვრებაში იყო ყველაფერი – სიყვარულიც, იმედგაცრუებაც, ტკივილიც, სიღატაკეც, შვილის გარდაცვალებაც, მარტოობაც, ალკოჰოლიც და ნარკოტიკიც.

ედიტ პიაფი ცხოვრებამ ხან მწვერვალზე აიყვანა და ხანაც ძლიერად დაანარცხა მიწაზე. დაბადებიდან გარდაცვალებამდე მომღერალს ათასი წინააღმდეგობის გადალახვა მოუწია.

მომავალი მომღერალი დედამ პარიზის ერთ-ერთი ბინძური ქუჩის ტროტუარზე გააჩინა. შვილის ჭიპლარი დედამ კბილებით გადაღრღნა, შემდეგ კი მშობლებს ჩაუყვანა და გასაზრდელად დაუტოვა. მამამ პატარას მხოლოდ 2 წლის ასაკში მიაკითხა და გასაზრდელად დედამისს წაუყვანა. ბებია ერთ-ერთ საროსკიპოში მზარეულად მუშაობდა. პატარა გოგონამ იქ მომუშავეებში დიდი ხალისი შეიტანა. ედიტი 2 წლის განმავლობაში პირველად აბანავეს და გაალამაზეს.

ბევრისთვის ალბათ უცნობია, რომ მომღერალი პატარაობისას ბრმა იყო. ბებიამ მისი განკურნება მედიკამენტებით სცადა, მაგრამ როცა არაფერი გამოუვიდა, წმინდა ტერეზას მონასტერს მიაშურა, სადაც ბევრი ილოცა, ფულიც შესწირა და მართლაც ორ დღეში ედიტ პიაფს მხედველობის პრობლემა მთლიანად გაუქრა.

მომღერალს სკოლაში არ უვლია, 14 წლიდან დამოუკიდებელი ცხოვრება დაიწყო და სწორედ მაშინ გაჩნდნენ მის ცხოვრებაში მამაკაცები. ედიტ პიაფი ხშირად ამბობდა, რომ სასმელისგან გაბრუებულს არც კი ახსოვს პირველი მამაკაცი ვინ იყო.

17 წლის ედიტ პიაფს დიდი სიყვარული ეწვია. მას ლუი დიუპონი შეუყვარდა, რომელიც პროდუქტების დამტარებელი იყო. 18 წლის მომღერალს შვილი ეყოლა, რომელსაც მარსელი დაარქვეს.

ამ პერიოდში მისი ქუჩის კარიერა დასრულდა და მუშაობა ერთ-ერთ კაბარეში დაიწყო. ბავშვთან მეუღლე რჩებოდა, თუმცა ერთ დღესაც შვილთან ერთად გაიპარა და მომღერალი სრულიად მარტო დატოვა. იმ პერიოდში ედიტ პიაფისთვის მთავარი სიმღერა იყო, ამიტომ საყვარელი მამაკაცის და შვილის წასლვა დიდად არ განუცდია. გოგონას მოვლა მამამ ვეღარ შეძლო და იგი პატარა ასაკში გარდაიცვალა. ეს იყო ყველაზე დიდი ტკივილი მომღერლის ცხოვრებაში, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე სტანჯავდა.

ამ რთულ პერიოდს დაემთხვა ედიტ პიაფის პოპულარობა. იმის გამო, რომ დაბალი იყო, მას მეტსახელად პიაფი შეარქვეს, რაც ფრანგულ ჟარგონზე “ბეღურას” ნიშნავს. სულ მალე მომღერალმა არა მარტო საფრანგეთის, არამედ მთელი მსოფლიოს მსმენელს შეაყვარა თავი. მიუხედავად ასეთი პოპულარობისა, ედიტი მაინც ძველებურად ცხოვრობდა, მთელ შემოსავალს სასმელსა და გართობაში ხარჯავდა. მისი საყვარლები იყვნენ შარლ აზნავური, ჟან კოკტო, ივ მონტანი და სხვა ცნობილი პიროვნებები. პიაფის ცხოვრებაში გაჩნდა მოკრივე მარსელ სერდანი. სამი ვაჟის პატრონმა და ცოლიანმა კაცმა საჯაროდ განაცხადა, რომ ედიტ პიაფი მისი საყვარელი იყო.

მსოფლიო ჩემპიონი ავიაკატასტროფაში დაიღუპა. იმ დღეს ედიტს კონცერტი არ გადაუდია. მან მხოლოდ ჩუმად სთხოვა მაყურებელს, ტაში არ დაეკრათ – “დღეს თქვენ ტაში არ უნდა დამიკრათ. ახლა მე მარსელ სერდანისთვის ვმღერი, მხოლოდ მისთვის”.. ამ ტრაგედიამ მომღერალი დეპრესიაში ჩააგდო და ის ნარკოტიკებსა და სასმელს მიეძალა.

რამდენიმე წელიწადში ედიტ პიაფი ავტოკატასტროფაში მოყვა. გაუსაძლისი ტკივილების გასაყუჩებლად დიდი რაოდენობით მორფს უკეთებდნენ. ამის შემდეგ, ნარკოტიკები მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. მომღერალმა მისგან გათავისუფლება სცადა – საავადმყოფოშიც დაწვა, მაგრამ სახლში დაბრუნებული ისევ ნარკოტიკებს დაუბრუნდა.

47 წლის ედიტ პიაფის ცხოვრებაში მასზე 20 წლით უმცროსი დალაქი, თეოფანის ლამბუკასა გამოჩნდა. 27 წლის ბიჭი უკვე ცნობილმა მომღერალმა მსოფლიო ვარსკვლავად აქცია – მომღერალი თეო სარაპო და მისი ალბომი მთელ საფრანგეთში უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა. ედიტი და თეო დაქორწინდნენ, თუმცა პიაფი მაინც მარტოობას განიცდიდა და ალკოჰოლს ეტანებოდა.

ბოლოს მომღერალი სცენაზე 1963 წლის 18 მარტს გამოვიდა. უკანასკნელ კონცერტზე პიაფმა შეასრულა სიმღერა “არა, მე არაფერს ვნანობ”. აღფრთოვანებული დარბაზი ხანგრძლივად უკრავდა ტაშს. ედიტი ცუდად გახდა და სცენაზე წაიქცა. ამის შემდეგ ფართო საზოგადოებაშს ის აღარ უნახავს.

მომღერალს მკერდის კიბო აღმოაჩნდა და მალევე გარდაიცვალა. ის პერ-ლაშეზის სასაფლაოზე დაკრძალეს. ასე დასრულდა ლეგენდარული მომღერლის ხანმოკლე ცხოვრება, რომლის სახელი და გვარი საფრანგეთის სახელოვნებო ისტორიაში ოქროს ასოებითაა ჩაწერილი.

“ერთადერთი სიტყვა, რომლითაც შეიძლება სიტყვა პარიზის შეცვლა, არის სიტყვა პიაფი” – ამბობდა მასზე მარლენ დიტრიხი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share