“17 წლის მარიამ ბურჭულაძის გაუჩინარებასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე ახალი არაფერია.
სამძებრო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს”-განუცხადეს “გურიის მოამბეს” გურიის პოლიციის სამმართველოში.
ერთადერთი სიახლე, რაც სამართალდამცველებმა დღეს გაარკვიეს, ისაა, რომ გოგონამ ინგლისურ ენაზე დაწერილი წერილი დაუტოვა ოჯახს, სადაც წერია, რომ-“მალე ყველაფერი დასრულდება”.
ახლა გამოძიება იმის დადგენას ცდილობს, თუ რას შეიძლება უკავშირდებოდეს მსგავსი შინაარსის წერილი და აქვს თუ არა ამ ყველაფერს კავშირი ინტერნეტ თამაშ “ლურჯ ბეშაპთან”.
სკოლაში, სადაც მარიამი სწავლობს, გამორიცხავენ, რომ მას რაიმე სერიოზული პრობლემა ჰქონოდა, რადგან გოგონა, ძალიან გაწონასწორებული, მშვიდი და კომუნიკაბელური იყო. კლასის დამრიგებელი გვეუბნება, რომ ის ტელეფონზე ნამდვილად იყო დამოკიდებული და ამის გამო მასწავლებლისგან შენიშვნაც არა ერთხელ მიუღია, თუმცა მისთვის არც დაძაბულობა და არც უხასიათობა არ შეუმჩნევია.
–ქეთევან ჟღენტი, მათემატიკის მასწავლებელი და დამრიგებელი -წყნარი, მშვიდი, გაწონასწორებული, ცოტა ჩაკეტილი ბავშვია. ბავშვები სულ ცდილობდნენ, სადაც წავიდოდნენ ყველგან წაეყანათ და მამას, როცა ეტყოდნენ დროს, იმ დროს მიაკითხავდა. ხშირად იყო ტელეფონში, უფრო “ფეისბუკში” ალბათ და ამაზე სულ ვსაყვედურობდი, ვეუბნეოდი რომ ასე არ შეიძლება… მამასაც ვეუბნებოდი, რომ ძალიან იყო ტელეფონზე დამოკიდებული. გუშინ დილით მოვიდა სკოლაში, ვესაუბრე, შემაჯამებელი დაწერა, მერე ქართული გვქონდა… დასვენებაზე ვესაუბრე რას ფიქრობ, სად უნდა გააგძელო სწავლა, აგერ კარგი კოლეჯებია-მეთქი და მითხრა, რომ სტილისტობა მოსწონს, კარგი დარგია-მეთქი ვუთხრარი და თუ რამე მეც ვეტყვი მამას-მეთქი და მეტი არაფერი. სამივე გაკვეთილს დაესწრო. მერე, სახლში მივდივარო მითხრა. მოსწავლეს დადებითად ახასიათებს სკოლის დირექტორიც:
-ნინო სადრაძე, სკოლის დირექტორი – გუშინ ჩვეულებრივად მოვიდა სკოლაში, მეთორმეტე კლასის მოსწავლეა მარიამი. სამივე გაკვეთილს დაესწრო და ამის შემდეგ წავიდა. ჩვენ ვიფიქრეთ რომ, წავიდა სახლში. მაგრამ, დედამ დაურეკა შემდეგ კლასის ხელმძღვანელს და აღმოჩნდა, რომ მარიამი სახლში არ იყო მისული. ოჯახმა შეატყობინა იმ წუთში საგამოძიებო უწყებას და დაიწყო გამოძიება. ჩვენ რაც შეგვიძლია ვთქვათ არის ის რომ ბუნებრივად იქცეოდა სასწავლო პროცესში. არასდროს არ გვიფიქრია, რომ რამე პრობლემა ჰქონდა. კონტაქტური იყო, შედიოდა მასწავლებელთან კომუნიკაციაში. გაკვეთილში ჩვეულებრივად იყო ჩართული. იყო გაწონასწორებული, მშვიდი, მოწესრიგებული. ვერაფერს ვერ ვუკავშირებთ, გაოცებულები ვართ. ამ ოჯახიდან საოცრად მოწესრიგებული ბავშვები მოდიან. ჩვენც გაოცებულები ვართ. ოჯახურ ძალადობას რა თქმა უნდა გამოვრიცხავთ, საოცარი ოჯახია. 5 ბავშვი ჰყავთ და ხუთივე ჩვენს სკოლაში დადის. არის შემთხვევები გოგონებს შეყვარებულებმა მოაკითხეს, მაგრამ მარიამის შემთხვევაში მსგავსი რამ არ ყოფილა. არც სკოლაში არ შეგვიმჩენივია, რომ გადამეტებული ყოფილიყო, მოკრძალებული იყო ყველასთან, როგორც მასწავლებლებთან, ასევე თანაკლასელებთან. შეიძლება ინფორმაცია არ მოვიდეს ჩვენამდე, მაგრამ ჩვენ ხომ ვაკვირდებით ბავშვებს? არაფერი ზედმეტი არ შეგვიმჩნევია.
რაც შეეხება მარიამის ერთ-ერთ კლასელს, ის “გურიის მოამბესთან’ გუშინდელ დღეს იხსენებს, როცა თანაკლასელი ქალაქში მარტო დაინახა და მას მოწყენილობაც ეტყობოდა:
-მარიამ ოპერაშვილი, თანაკლასელი – არაფერი არ უსაუბრია, მაგრამ ბაზრისკენ რომ მიდიხარ და დიდი ხიდია, იქ დავინახე. ჩვენ ერთად არ წავსულვართ, შემხვდა შემთხვევით გზაში, რაღაც მოწყენილი მიდიოდა. სკოლაში არაფერი არ უთქვამს ჩვენთვის. მოულოდნელი იყო ქალაქში რომ მარტო დავინახე. გამიკვირდა ძაან.
ცნობისთვის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასელს, სოფელ გომის მკვიდრს 17 წლის მარიამ ბურჭულაძეს ოჯახის წევრები და პოლიცია მეორე დღეა უშედეგოდ ეძებს. სკოლის მოსწავლემ, დაწესებულება გუშინ დღისით დატოვა და მას შემდეგ მას კონტაქტი არავისთან არ ჰქონია. როგორც გვეუბნებიან ბოლოს ის ვიდეოკამერებმა ოზურგეთი ქობულეთის ავტომაგისტრალზე ფეხით მიმავალი დააფიქსირა, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხაესტატეს შემდეგ კი გოგონას კვალი იკარგება.