„მელიას გირაოს თანხას ევროკავშირში რეგისტრირებული ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია გადაიხდის“

„ევროკავშირში რეგისტრირებული ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია გადაიხდის ამ გირაოს და რა თქმა უნდა, ნიკა მელიას შეეძლება, ნებისმიერ მომენტში გამოვიდეს. უარი თუ თქვა, ეს მისი გადასაწყვეტია,“ – განაცხადა დღეს, 20 აპრილს, პარლამენტის უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

მისივე თქმით, ამნისტია ეხება არა მხოლოდ ნიკა მელიას, არამედ 20 ივნისთან დაკავშირებულ საქმეებს, შესაბამისად, ეს კანონპროექტი შესაბამისი პროცედურებით დაინიცირდება და მასში მონაწილეობას მიიღებენ ის პარტიები, რომლებმაც ხელი მოაწერეს შეთანხმებას.

 

„ეს უნდა მოხდეს ერთობლივად. ამნისტიის შედეგად ამნისტირებული იქნება ყველა პირი, რომელიც დაკავშირებულია 20 ივნისთან და აქვს ბრალდება წაყენებული. გიორგი რურუას საკითხზე კი, პრეზიდენტმა გამოთქვა მზადყოფნა, რომ იმ შემთხვევაში, თუკი იქნებოდა მხარეების მხრიდან ხელმოწერა და ხელშეკრულება ჩაითვლებოდა შემდგარად, მზად არის შესაბამისი მიმართვის საფუძველზე შეიწყალოს გიორგი რურუა. ამასთან, მოვისმინეთ ცალკეული განცხადებები ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელთა მხრიდან, რომ მანამ, ვიდრე ნიკა მელია არ გამოვა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, ისინი არ მიიღებენ მონაწილეობას პარლამენტის მუშაობაში, შეთანხმება არის საჯარო და დღეს ხაზი გაესვა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია პრეამბულა, სადაც საუბარია იმაზე, რომ უნდა იყოს თანამშრომლობა, არ უნდა იყოს პოლარიზაცია და საუბარია შემდეგ რამეზე – შეთანხმებაზე ხელმოწერისთანავე პარტიები შედიან პარლამენტში და ახორციელებენ საპარლამენტო საქმიანობას პარლამენტში. ხელმოწერა გაკეთებულია, 113 დეპუტატია პარლამენტში, 17 დეპუტატის ხელმოწერაა ამ შეთანხმებაზე და ამიტომ ჩემი მოლოდინია, რომ ისინი ხვალიდან იქნებიან პარლამენტში და განახორციელებენ თავიანთ საქმიანობას. ეს არის მათი სიტყვა და ეს ხელმოწერილია“, – განაცხადა პაპუაშვილმა და დასძინა, რომ მთელ ამ პროცესში „ქართული ოცნება“ იყო ერთადერთი კონსტრუქციული ძალა. „ხელშეკრულების ყველა პუნქტი შესრულდება „ქართული ოცნების“ მიერ კეთილსინდისიერად. ახლა საქმე არის ჩვენი ოპონენტების მხარეს და ეს მათაც კეთილსინდისიერად უნდა შეასრულონ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

https://cnews.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share