აფგან მუხთარლის, რომელიც დაუდგენელმა პირებმა 2017 წლის მაისში თბილისიდან გაიტაცეს და აზერბაიჯანის ხელისუფლებას გადასცეს, დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია “უფლებები საქართველოსთვის” ავრცელებს.
მათივე ცნობით, დაზუსტდა საქმის კვალიფიკაცია. გამოძიება, რომელიც აქამდე სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა) მიმდინარეობდა, 143-ე მუხლის მესამე ნაწილის “ა” ქვეპუნტქით გაგრძელდება, რაც გულისხმობს ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით თავისუფლების აღკვეთას.
აფგან მუხთარლის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები განახლდა მას შემდეგ, რაც 2021 წლის 7 აპრილს აფგან მუხთარლი გერმანიიდან თბილისში ჩამოვიდა და კიდევ ერთელ დაადასტურა მანამდე არაერთგზის გამოთქმული სურვილი, სრულად ეთანამშრომლა გამოძიებასთან და საქართველოს პროკურატურისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია მისი გატაცებისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის საქმეზე.
9 აპრილს, აფგან მუხთარლი, მისი ადვოკატის, არჩილ ჩოფიკაშვილის თანხლებით გამოიკითხა პროკურატურაში. 15 აპრილს კი ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი. აფგან მუხთარლიმ თავად აჩვენა გამომძიებლებს თბილისიდან მისი გატაცების ადგილი და ლაგოდეხის მიმართულებით გადაადგილების მარშრუტი.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი, რომელიც ილჰამ ალიევის ოჯახის კორუფციულ სქემებს იძიებდა და ამის გამო იდევნებოდა, თავს ოჯახთან ერთად საქართველოს აფარებდა. 2-წლიანი ცხოვრების შემდეგ ის თბილისიდან 2017 წლის მაისში გაიტაცეს. 2 დღის შემდეგ გაირკვა, რომ მუხთარლი აზერბაიჯანში დაკავებული ჰყავდათ, მისი პასპორტი კი ცოლს, ლეილა მუსტაფაევას სახლში ჰქონდა.
ქართულ მხარეს მომხდარი დღემდე არ გამოუძიებია.