საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, არ დაუშვან კანონპროექტის ინიცირება, რომელიც მიზნად ისახავს ამნისტიის გავრცელებას 2019 წლის 20-21 ივნისს სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე.
საია ხაზგასმით განმარტავს, რომ დაუშვებელია ამნისტიის/შეწყალების გამოყენება სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ ადამიანის უფლებათა წინააღმდეგ ჩადენილ სერიოზულ დანაშაულებთან მიმართებით, მათ შორის, არაადამიანური/დამამცირებელი მოპყრობის დროს.
ორგანიზაციის განცხადებით, ამნისტიის გამოყენება იმ პირებთან მიმართებით, რომლებმაც არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის დანაშაულები ჩაიდინეს (იმის მიუხედავად, ეროვნულ დონეზე გამოძიება სწორი კვალიფიკაციით მიმდინარეობს თუ არა), კონვენციის მე-3 მუხლს ეწინააღმდეგება
“როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საია იცავს 20-21 ივნისის აქციის დროს დაზარალებულ პირთა (როგორც დემონსტრანტების, ისე ჟურნალისტების) ინტერესებს როგორც ეროვნულ დონეზე, ისე ევროპულ სასამართლოში. 2019 წლის 20-21 ივნისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აქციის დაშლა აქციაზე მყოფი პირების უფლებების მასშტაბურ დარღვევაში გადაიზარდა. დაზარალებულთა მიმართ გამოყენებული ძალის უკანონობა და არაპროპორციულობა, დაკავების და შემდგომ პერიოდში არასათანადო მოპყრობა, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლა, აქტიური სპეციალური საშუალებების საკანონმდებლო რეგულირებასთან დაკავშირებული პრობლემები, და გამოძიების არაეფექტიანობა, თავისი არსით, იწვევს ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა), როგორც მატერიალური, ისე პროცედურული ასპექტის დარღვევას.
საია ხაზგასმით განმარტავს, რომ დაუშვებელია ამნისტიის/შეწყალების გამოყენება სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ ადამიანის უფლებათა წინააღმდეგ ჩადენილ სერიოზულ დანაშაულებთან მიმართებით, მათ შორის, არაადამიანური/დამამცირებელი მოპყრობის დროს.
ამნისტიის გამოყენება იმ პირებთან მიმართებით, რომლებმაც არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის დანაშაულები ჩაიდინეს (იმის მიუხედავად, ეროვნულ დონეზე გამოძიება სწორი კვალიფიკაციით მიმდინარეობს თუ არა), კონვენციის მე-3 მუხლს ეწინააღმდეგება, რადგან მსგავსი ქმედება აბრკოლებს ამგვარ დანაშაულებზე წარმოებულ გამოძიებას და, ამავდროულად, იწვევს პასუხისმგებელ პირთა დაუსჯელობას. ასეთი შედეგი კი, არასათანადო მოპყრობის აკრძალვით შექმნილ დაცვის გარანტიებს ილუზორულად აქცევს, და, იმავდროულად, მსუსხავი ეფექტი აქვს პირთა მიერ შეკრების ან/და გამოხატვის თავისუფლებით დაუბრკოლებლად სარგებლობის კუთხით”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
შეგახსენებთ, 19 აპრილს “ქართულმა ოცნებამ” და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ხელი მოაწერა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შეთავაზებულ შეთანხმების დოკუმენტს, რომელიც ერთ-ერთი საგანი პოლიტიზირებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირებაა.
შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტის თანახმად, “საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობის ინტერესებიდან გამომდინარე და ამ შეთანხმების შესრულების მიზნით, ხელმომწერები ვალდებულებას იღებენ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, ამნისტიის საშუალებით და / ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საქმეზე. კერძოდ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა დააინიციროს ამნისტიის შესახებ კანონი, რომელიც 2019 წლის 19-21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება.