საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საკუთარი პარტიის დაფუძნების შესახებ განცხადებას სავარაუდოდ, მაისში გააკეთებს.
CNews-ის ინფორმაციით, გიორგი გახარია განცხადებას პირადად გააკეთებს, ხოლო მოგვიანებით, პარტიის დამფუძნებლის ყრილობაც გაიმართება.
CNews-ისთვის გახარიას გარემოცვიდან ცნობილი ხდება, რომ ამჟამად მიმდინარეობს პოზიციების შეჯერება განცხადება 26 მაისს უნდა გაკეთდეს თუ ამ დღეს გაიმართოს პარტიის დამფუძნებელი ყრილობა.
ამ დროისთვის საბოლოოდ არ არის გადაწყვეტილი რა ერქმევა პოლიტიკურ გუნდს – განიხილება რამდენიმე ვარიანტი, მათ შორის ყველაზე რელევანტურად გუნდში მიიჩნევენ სახელწოდებას – „საქართველოსთვის“.
ასევე ცნობილი ხდება, რომ ყრილობის გამართვის დღეს გახარიას პარტიის წევრები „ქართული ოცნების“ დატოვების შესახებ გააკეთებენ განცხადებას. არ არის გამორიცხული, ხმაურიანი გადადგომებიც.
CNews-ის ინფორმაციით, მიმდინარეობს აქტიური საქმიანობა რეგიონალური სტრუქტურებისა და კადრების შესარჩევად.
უკვე თითქმის მზად არის სადამფუძნებლო დოკუმენტები.
დაწყებულია მუშაობა გახარიას საპროგრამო სიტყვის მთავარ თეზისებზე, რომელშიც იგი საკუთარ და გუნდის წევრების პასუხისმგებლობაზეც ისაუბრებს ცალკეულ საკითხებთან მიმართებაში. ასევე, აქცენტი გაკეთდება ქვეყნის ევროსტრუქტურებში ინტეგრაციასა და რუსეთთან ურთიერთობის საკითხებზე, ეკონომიკური კრიზისის დაძლევაზე და სისტემურ რეფორმებზე სხვადასხვა სფეროებში.
CNews-ის ინფორმაციით, ცნობილია ის ტელეკომპანიაც, რომლის ეთერსაც ეწვევა ყოფილი პრემიერი პარტიის დამფუძნებელი ყრილობის შემდეგ.