23 ოპოზიციური პარტია პოლიტიკოს გოგი წულაიას მიმართ შერჩევითი სამართლის გამოყენებასა და პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე განცხადებას ავრცელებს. პარტიები განცხადებაში მიუთითებენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ისინი სერიოზულად უდგებიან ნებისმიერ ბრალდებას ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ, ანალოგიურ ბრალდებებზე პრაქტიკულად არასდროს სასამართლო აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას არ იყენებს.
პარტიები საუბრობენ გოგი წულაიას დაკავების წინა პერიოდზეც, როდესაც მან საჯაროდ შეაგინა ქართული ოცნების ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის შვილს, ბერა ივანიშვილს მას შემდეგ, რაც TV პირველმა გაავრცელა სატელეფონო საუბრები, რომელშიც ბერა ივანიშვილი ახლა პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს, ანზორ ჩუბინიძეს ავალებს იმ ადამიანების დასჯას, რომლებიც მას Facebook-ზე შეურაცხყოფას აყენებენ. თავის მხრივ, ძალადობის სავარაუდო ფაქტებზე პროკურატურას გამოძიება არ დაუწყია.
“ერთ თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც საზოგადოებამ ირაკლი ღარიბაშვილის, ბერა ივანიშვილისა და ანზორ ჩუბინიძის ჩანაწერები მოისმინა. აღმაშფოთებელი იყო იმის გაგება, თუ რა ფორმით და როგორ ახდენდნენ ზეწოლას, ემუქრებოდნენ და ამცირებდნენ ივანიშვილის გარემოცვის წევრები ადამაინებს, მათ შორის არასრულწლოვნებს, მხოლოდ იმისთვის, რომ ბერას მიმართ კრიტიკული, ან თუნდაც უცენზურო ტერმინების შემცველი პოსტი დაწერეს Facebook-ზე. ეს ყველაფერი ივანიშვილის ვაჟისა და საქართველოს სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირების მონაწილეობით, მათი უშუალო მითითებით ხდებოდა.
ბერა ივანიშვილმა საჯაროდ დაადასტურა ის, რაც მოქალაქეებმა TV პირველის მიერ გამოქვეყნებული ჩანაწერებიდან გაიგეს. საჯარო გახდა ბევრი სხვა ანალოგიური ბრალდებაც.
ამ ყველაფრით პროკურატურა არ დაინტერესებულა, მათ არავინ დაუკითხავთ და არაფრის გარკვევა არ უცდიათ, გარდა ერთისა – ისინი კანონდარღვევით ცდილობდნენ TV პირველიდან კონფიდენციალური მასალის ამოღებას და ჩანაწერის გავრცელების პირველწყაროს გაგებას. ეს მიუთითებს, რომ მთელი სახელისუფლებო ვერტიკალი ივანიშვილის ოჯახის სადამსჯელო ჯგუფია.
სწორედ ამ ჩანაწერების გამოქვეყნებას მოსდევს გოგი წულაიას დაპატიმრება, რომლემაც ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ საჯაროდ, სიმბოლური სახით გამოუცხადა სოლიდარობა მათ, ვინც ბერას კრიტიკის გამო დაისაჯა.
ჩვენ ძალიან სერიოზულად ვუდგებით ნებისმიერ ბრალდებას ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ. ამ განცხადებით არ ვაპირებთ ავტომატურად ეჭვქვეშ დავაყენოთ მომჩივნის მიერ გამოთქმული ბრალდებები, მაგრამ ის ფაქტი, რომ პროკურატურის მოთხოვნითა და მორჩილი სასამართოს დასტურით, გოგი წულაიას აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, როცა ანალოგიური ბრალდებების დროს პრაქტიკულად არასდროს აღკვეთის ღონისძიების ეს ფორმა არ გამოიყენება, უდაოდ მიუთითებს შერჩევით სამართალსა და ხელისუფლების პოლიტიკურ მოტივზე.
ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად საშიშია ქართული ოცნების ხელისუფლება საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, რადგან ის ემსახურება ოლიგარქის ოჯახის პირად ინტერესებს და მზადაა, შურისძიების იარაღად იქცეს სწორედ ამ ოჯახის წევრთა ხელში”.
განცხადებას ხელს აწერენ:
- გირჩი – მეტი თავისუფლება
- ევროპული საქართველო
- მოძრაობა დროა
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
- ლეიბორისტული პარტია
- გამარჯვებული საქართველო
- ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა
- ახალი ქრისტიან დემოკრატები
- სამართლიანობისთვის
- ლელო საქართველოსთვის
- სტრატეგია აღმაშენებელი
- ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა
- ევროპული დემოკრატები
- კანონი და სამართალი
- პროგრესი და თავისუფლება
- ქართული არჩევანი
- საქართველოს პარლამენტართა საზოგადოება
- ეროვნულ დემოკრატიული პარტია
- სახელმწიფო ხალხისათვის
- თავისუფალი საქართველო
- სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის
- ქრისტია კონსერვატული პარტია
- ემსახურე საქართველოს
6 მარტს TV პირველის ეთერში გავრცელდა ჩანაწერი, რომელშიც, ავტორების მტკიცებით, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი საუბრობენ. ჩანაწერში Facebook-ზე დაწერილი კომენტარებისთვის სკოლის მოსწავლესთან ანგარიშსწორებასა და სხვა “სადამსჯელო ღონისძიებებზეა” საუბარი. ბერა ივანიშვილმა სამთავრობო ტელეკომპანია იმედისთვის მიცემულ ინტერვიუში ჩანაწერების ავთენტიკურობა დაადასტურა.
ჩანაწერის გავრცელების შემდეგ გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ბერა ივანიშვილის გაკრიტიკების გამო მათ დაემუქრნენ. ყოფილი მიმტანი, ტატო ცეცხლაძე ამბობს, რომ 5 წლის წინ ივანიშვილი ე.წ. თიფის არდატოვების გამო გააკრიტიკა, რის შემდეგაც მას დაემუქრნენ. მუქარაზე საუბრობს მომღერალი ქრისტინე მარტიაშვილიც. საოპერო მომღერალი, ანიტა რაჭველიშვილი კი ჰყვება, რომ ივანიშვილზე დაწერილი კრიტიკული პოსტის შემდეგ მის ნათესავს თავს დაესხნენ.
19 მარტს სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებაში ბრალდებულ გოგი წულაიას აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. დაცვის მხარე წულაიას გათავისუფლებას 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ ითხოვდა – სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
გოგი წულაია 17 მარტს თავდაპირველად ძალადობის ბრალდებით დააკავეს. 18 მარტს მას ბრალი დაუმძიმდა. პროკურატურის ინფორმაციით, 126-ე მუხლი, 138-ე მუხლად გადაკვალიფიცირდა, (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, ჩადენილი ძალადობით). დანაშაული 4-დან 6-მდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.