“შემოქმედი ადამიანი ყოველდღიურად იზრდება, ვითარდება, სხვა ახალ საფეხურზე გადადის – გამუდმებული ფიქრი და ძიება იწვევს ამ ყოველივეს. ადამიანი ცარიელ ოთახს ჰგავს, რომელიც ნელ-ნელა ივსება, მნიშვნელობას და შინაარს იძენს. ვფიქრობ, ეს არის ლიტერატურის დანიშნულებაც – გაგხადოს იმაზე ღრმა, ვიდრე ამა თუ იმ წიგნის წაკითხვამდე იყავი”, – ეს სიტყვები ახლგაზრდა პოეტს, მწერალთა კავშირის წევრს, არაერთი ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულს, ფსიქოლოგ ქეთევან ნათელაძეს ეკუთვნის, რომელიც ბოლო დროს, შეიძლება ითქვას, რომ ფოტომოდელობამ გაიტაცა და მისი სურათები სოციალურ ქსელში აღფრთოვანებას იწვევს…
“მაქვს განცდა, რომ მოჯადოებულ წრეზე ვტრიალებთ. ალბათ, ასე მხოლოდ მე არ ვფიქრობ. ზოგჯერ ისეთი განცდაც მაქვს, რომ საკუთარი ქვეყანა გვჭამს, ცხოვრებას და ბედნიერების შესაძლებლობას გვართმევს. ოკუპირებული ტერიტორიები ჩვენი მთავარი პრობლემაა, ასევე კორუფცია, რომელსაც ისე აქვს ჩვენთან ფესვები გადგმული, რომ არ ვიცი, რომელი თაობა მოერევა ამას. ფაქტია, ჩვენ ვერ ან ჯერ ვერ ვერევით. უმუშევრობა, ფასების ზრდა ლამის ყოველდღიურად და დამთრგუნველი აგრესიული ფონი საზოგადოებაში. ალბათ, განათლებაც. წლებია ვცდილობთ ავაშენოთ ქვეყანა, რომელიც ვეღარ აშენდა, ამასობაში ბევრი თაობა დავკარგეთ. ერთეულებისთვის რომ აღარ იქნება ეს ქვეყანა და ხალხისთვის იქნება, მაშინ გვეშველება. არ ვკარგავ რწმენას, რომ მოვა განსაკუთრებული, ძლიერი ტალღა, რომელიც ყველაფერს უკეთესობისკენ შეცვლის…”
“კვირის პალიტრა”