„ევროპარლამენტარები კი არა, თავდებად მთელი ევროკავშირი დგება, რაღა არის საჭირო? შეთანხმების გადახედვა და ჯანჯღარი ნორმალური არ მგონია“, განაცხადა დღეს, 23 აპრილს, „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ენმ-ს პატიმრობაში მყოფი ლიდერის, ნიკა მელიას გათავისუფლებაზე საუბრისას.
ელისაშვილის თქმით, ევროკავშირმა გირაო რომ გადახიადოს, არ იქნება ღირსებაშემლახველი.
„ევროპარლამენტარები კი არა, თავდებად მთელი ევროკავშირი დგება, რაღა არის საჭირო? შეთანხმების გადახედვა და ჯანჯღარი ნორმალური არ მგონია. გულახდილად რომ გითხრათ, მესმის, რომ ნიკა მელია გაიჭედა და გადაწყვეტილებას ვერ იღებს, რადგან იძახდა, გირაოს არ გადავიხდიო. ახლა რა გააკეთოს, არ იცის. დარწმუნებული ვარ, თავადაც ხვდება, რომ ახლა უნდა გამოვიდეს, სანამ ღიმილისმომგვრელი და სასაცილო გახდება მისი პოზიცია, რომ არ გამოვა არაფრის ფასად. ამიტომ უნდა ადგეს და მარტივად გამოვიდეს. არ მგონია, ამის გამო ვიღაცამ დასცინოს, სასაცილო მისი პოზიცია მაშინ იქნება, თუკი საკნის კარს ჩააფრინდება და იტყვის, არ გამოვალო. რომ გამოვიდეს და ევროკავშირმა გირაო გადაუხადოს, სულაც არ იქნება არც ღირსებაშელახული და არც სასაცილო მდგომარეობაში,“ – განაცხადა ელისაშვილმა.