ჩემთვის ცოტა გაუგებარი იყო ის, რომ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობამ დოკუმენტს მოაწერა ხელი და მერე დოკუმენტი შეიცვალა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა კახი კახიშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. როგორც კახიშვილი განმარტავს, აღნიშნული ფაქტი მისთვის და საზოგადოების ნაწილისთვის საწყენი იყო.
თუ 2012 წელს საპარლამენტო არჩევნებსა და თვითმმართველობას შორის არანაირი კავშირი არ იყო, ახლა რა შეიცვალა, როცა საპარლამენტო არჩევნების შედეგებს რატომღაც, თვითმმართველობის არჩევნებით ვაფასებთ. საერთოდ ლოგიკას აცდენილია, საიდან მოვიდა 43%, რატომ 43 და რატომ არა 42, ან 43-ნახევარი? საიდან გამოიყვანეს ეს ფორმულა? სხვადასხვა არჩევნებია, როგორ შეიძლება შეადარო ერთმანეთს და იმსჯელო. თუ თვითმმართველობაზე „ქართულმა ოცნებამ“ 45% ვერ აიღო, 43-ის შემთხვევაში, საპარლამენტო უმრავლესობა მიდის, 45%-ის შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილიც მიდის, მივაყოლოთ ყველაფერი მაშინ, ეს რა ფორმულაა საერთოდ?! ერთი არის საკანონმდებლო ორგანო და მეორე თავისი არსით განსხვავებული – თვითმმართველობა, რომელიც თვითმმართველ ერთეულებს ემსახურება. თქვენ გგონიათ ვეთანხმებოდი? ამას როგორც ერთი ადამიანი განვმარტავ, მაგრამ სხვა გამოსავალი არ იყო, როგორც ჩანს, არ იყო, რადგან მოლაპარაკებებში მონაწილეობა არ მიმიღია. საწყენია, რომ აქამდე – უაზრო შედარებებამდე მივიდა. ჩემთვის, ეს გაუგებარია, როგორც საარჩევნო სპეციალისტისთვის, როგორც იურისტისთვის, როგორც დეპუტატისთვის, როგორც ადამიანისთვის და ამ ქვეყნის მოქალაქისთვის. თუმცა, ეს კრიზისი რომ განმუხტულიყო, კი ბატონო, მაგრამ თავისი ლოგიკით, უაზრობაა“, – განაცხადა კახიშვილმა.