ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია თანახმაა საპატიმრო დატოვოს ევროპარლამენტარების თავდებობით. თქვა ნიკა მელიამ მთავარი არხისთვის მიცემულ სატელეფონო ინტერვიუში.
“ჩემთვის აბსოლუტურად მისაღებია ევროპარლამენტარების თავდებობა და არის ეს ჩემთვის კომიკური, როცა ვისმენ ქართული ოცნების კომენტარებს, რომ ეს შეთანხმებაში არ არისო გათვალისწინებულიო. მაპატიეთ და შეთანხმებაში ის არის გათვალისწინებული, რომ გამოსასყიდი უნდა ჩამრიცხვოდა? აბა წაიკითხონ კარგად, შეთანხმებაში ეს არ წერია.
ერთი სიტყვით, ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ახლა ნაცვლად იმისა, რომ კრიზისი დაიძლიოს, კრიზისი არ გავაღრმაოთ და მერწმუნეთ, კრიზისი მნიშვნელოვნად გაღრმავდება ქვეყანაში, საზოგადოებრივ-პოლიტიკური, თუკი ამნისტიის კანონი თუნდაც ერთ მოძალადე პოლიციელზე გავრცელდება, ამაში ვარ ღრმად დარწმუნებული და მათთვის, ვინც ჩემ გამო დარდობს და ამბობს, რომ ეს რაიმე სახით მე დამაკნინებს, მე ეს ვერანაირად ვერ დამაკნინებს”. – თქვა მელიამ.
ლელოს ლიდერებმა ბრიუსელში ვიზიტისას ევროპარლამენტარებს შესთავაზეს, რომ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას თავდებად დაუდგნენ. პარტიის განცხადების მიხედვით, ისინი მზად არიან, ჩაერთონ ამ ინიციატივაში. ლელო განმარტავს, რომ ევროპარლამენტარების თავდებობით ნიკა მელიას გათავისუფლება არ ეწინააღმდეგება შარლ მიშელის 5-პუნქტიან შეთანხმებას.
ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ქართულმა ოცნებამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმებას ხელს არ აწერენ ენმ, ევროპული საქართველო, ლეიბორისტული პარტია და პარტია კანონი და სამართალი, ასევე, ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრი და ამჟამად დროას ლიდერი ელენე ხოშტარია.
შარლ მიშელის მედიაციით ხელმოწერილ დოკუმენტში ერთ-ერთი პუნქტი პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირებაა. ხელმომწერებმა ვალდებულება აიღეს, ერთი კვირის ვადაში, ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საქმეზე (ნიკა რურუას და ნიკა მელიას). შედეგად, 27 აპრილს, პარლამენტში იგეგმება ამნისტიის შესახებ კანონის ინიცირება და შალვა პაპუაშვილის თქმით, 2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა სისხლის სამართლის საქმეს შეეხება.