პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის მე-9 წელს ამბობს, რომ “ახლა უკვე რეალურად საქმეზე უნდა გადავიდეთ”.
მთავრობის სხდომაზე ღარიბაშვილმა “ქვეყნის განახლების პროექტი” დააანონსა, რომელიც, მისი თქმით, “63 მუნიციპალიტეტში ურბანულ განახლებას, მნიშვნელოვანი კულტურულ-ისტორიული ობიექტების რეაბილიტაციას, მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრების რეაბილიტაციას, რეკრეაციულ პარკებში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ობიექტების რეაბილიტაციას და მშენებლობას. ასევე, ყველა ქალაქის, ყველა მუნიციპალიტეტის კურორტების და დასახლებების ურბანულ განახლებას” გულისხმობს.
ღარიბაშვილის თქმით, პროექტის ღირებულება 500 მილიონი ლარი იქნება, შესაბამისი ტენდერები კი მიმდინარე კვირაში გამოცხადდება. როგორც პრემიერმინისტრი ამბობს, პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტით და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების დახმარებით განხორციელდება.
“ჩვენი მოქალაქეებისთვის ადგილზე ცხოვრების, შრომის და ზოგადად განვითარების პირობების გაუმჯობესება სახელმწიფოს მთავარი მიზანი უნდა გახდეს. ქვეყნის რეგიონებში ადგილობრივი მოსახლეობისთვის ტურისტულად საინტერესო ახალი მიზიდულობის ცენტრების გაუმჯობესება ხელს შეუწყობს თითოეული რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობის გაჯანსაღებას, განახლებას, განვითარებას და მოსახლეობის ახალი შესაძლებლობის გაჩენას”. – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
2021 წლის ოქტომბერში საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდება.
19 აპრილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებული დოკუმენტის მიხედვით, თუ მმართველი პარტია, ქართული ოცნება 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, საქართველოში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.