“ეს განცხადება იყო აბსოლუტური სითავხედე… არ ეგონოს ვინმეს, რომ ეს ფული მართლა დაიხარჯება ჩვენს სოფლებში,“- ასე ეხმაურება რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე პრემიერისა და მთავრობის წევრების მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებებს „ქვეყნის მასშტაბური განახლების“ გეგმასთან დაკავშირებით.
საერთოდ, რომელ რეგიონებზე საუბრობენ, ჩვენი მინისტრები, ბოლოს როდის იყვნენ რეგიონებში?! ჩვენი მინისტრები ხომ ძირითადად თავისი კორტეჟით, სპეციალურად შერჩეულ ადგილას პარტაქტივთან შეხვედრაზე დადიან.
ჩვენი რეგიონები მიგდებული ჰყავდა ხელისუფლებას 9 წელი და თურმე ახლა გაახსენდათ, რომ იქ ახალი სიცოცხლე უნდა აგუგუნდესო. ამ ხელისუფლებამ გააცდინა ჩვენი ცხოვრების 9 წელი, იმიტომ რომ ეს ქარხნები, რაზეც ახლაა საუბარი, აქამდე უნდა აშენებულიყო. ეს არის ჩვეულებრივი საარჩევნო ნაბიჯი და არ ეგონოს ვინმეს, რომ ეს ფული მართლა დაიხარჯება ჩვენს სოფლებში,“- განაცხადა დოლიძემ.