მაკო გომურის შემთხვევა გამონაკლისია, რომელსაც არ შეეხება ამნისტია- სარჯველაძე

ოპოზიციას სურდა, კიდევ დამატებითი შეზღუდვების ჩადება კანონპროექტში, რომელიც გულისხმობდა სხვა კვალიფიკაციით მომავალში აღძრულ სამართალდარღვევებზე ამნისტიის გავრცელების გამორიცხვას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებს მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

„კარგი შეხვედრა იყო იმ თვალსაზრისით, რომ ბევრ საკითხთან დაკავშირებით საერთო ხედვის წერტილებიც მოინახა, თუმცა დარჩა საკითხები, რომელთან დაკავშირებითაც განსხვავებული მოსაზრებები გვაქვს. ჩვენი მხრიდან რაც შეგვიძლია ვთქვათ არის ის, რომ ჩვენ ვასრულებთ ვალდებულებას, რაც განსაზღვრულია კონკრეტული ხელშეკრულებით და რაც გულისხმობს, ცნობილ მოვლენებთან დაკავშირებული ყველა სამართალდამრღვევის ამნისტირებას, თუმცა ეს არ გულისხმობს ისეთი ტიპის სამართალდარღვევებს, როგორიც არის ქალბატონ მაკო გომურის შემთხვევა. ეს იქნება კონკრეტული გამონაკლისის სახით ჩვენ მიერ ინიცირებულ კანონპროექტში კონკრეტულად გაწერილი“, – განაცხადა სარჯველაძემ.

მან ასევე ისაუბრა ოპოზიციასა და მათ შორის არსებულ განსხვავებაზეც. მისივე თქმით, ამნისტიის შესახებ მათ მიერ შეთავაზებულ პროექტში ოპოზიციას სურდა, დამატებით შეზღუდვების ჩაწერა.

„მათ სურდათ დამატებითი შეზღუდვების ჩადება კანონპროექტში, რომელიც გულისხმობდა სხვა კვალიფიკაციით მომავალში აღძრულ სამართალდარღვევებზე ამნისტიის გავრცელების გამორიცხვას. დღეს არის ბოლო ვადა კანონპროექტის ინიცირების. ჩვენ შემდგომ კიდევ გვექნება დისკუსიები, იმედს გამოვთქვამ, რომ შევძლებთ ოპოზიცია ჩვენს მოსაზრებებზე დავითანხმოთ“, – განაცხადა სარჯველაძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share