ამერიკაში უკვე სერიოზულად შესუსტდა პანდემია, ვაქცინები მუშაობს! – ზურაბ გურული

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი ზურაბ გურული სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პანდემია ამერიკაში სერიოზულად შესუსტდა, რაც მისივე განცხადებით, ვაქცინაციის შედეგია.

“ამერიკაში უკვე სერიოზულად შესუსტდა პანდემია. მოზრდილთა 37 % უკვე სრულად აცრილია, 54 %-ს კი ერთი დოზა მაინც აქვს გაკეთებული. ვაქცინები მუშაობს! ფაქტი სახეზეა.

ახლა მთავარია ბავშვების ვაქცინაციაც ასევე წარმატებით განხორციელდეს და დაავადების გავრცელების ყველა წყარო ამოიკეტება რამდენიმე თვეში.

ამჟამად პფაიზერის ვაქცინის გამოცდა მიმდინარეობს 6 თვიდან 11 წლამდე ასაკის ბავშვებში. დიდი ალბათობით FDA მალე გასცემს ავტორიზაციას 12-15 წლის მოზარდებში ვაქცინის გამოყენებაზე.

ყველაზე სასიამოვნო ცნობა კი ალბათ ფაიზერის მთავარი აღმასრულებელი დირექტორის ალბერტ ბურლას განცხადებაა, რომ წლის ბოლოსთვის კომპანია გამოუშვებს წამალს, რომელიც კოვიდის

პირველივე ნიშნების გამოვლენისთანავე მიღებისას მაქსიმალურად შეამცირებს ვირუსის გამრავლების უნარს და დაავადება ძალიან მსუბუქად წარიმართება.

კლინიკური კვლევის პროცესი ამ წამლის გამოსაცდელად უკვე დაიწყო მარტის პირველ რიცხვებში და თუ ყველაფერი კარგად წარიმართა, FDA დიდი ალბათობით დაუბრკოლებლად დაამტკიცებს მისი გამოყენების უფლებას.

ეს წამალი ე.წ. პროტეაზების ინჰიბიტორებს მიეკუთვნება, იმავე კლასისაა, რომლებსაც “ც” ჰეპატიტის და შიდსის სამკურნალოდ იყენებენ და თრგუნავს იმ ფერმენტს, რომელიც ვირუსს სჭირდება ადამიანის

უჯრედებში გასამრავლებლად.

ეს უკვე მართლა ფინიშის ხაზზე გასვლას ნიშნავს …

მანამ კი გავუფრთხილდეთ ერთმანეთს”.- წერს ზურაბ გურული.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share