კომენდატის საათის დროს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში 20-მდე საფლავი გაძაეცვეს. ძირითადად წაღებულია ალუმინის ჭიშკრები და ღობეები.
მომხდარზე “გურიის მოამბესთან” ადგილობრივები საუბრობენ:
“ალუმინის კარებია საფლავზე მოხსნილი და ღობე. 35 წელია ეს საფლავი არის აქ და პირველი შემთხვევაა ეს. ჭანუყვაძის საფლავია აქ და მთლიანად წაღებულიაო. სასაფლაოდან რომ რამეს წაიღებს ადამიანი მე არ ვიცი. არ ვიცი, ასე როგორ უნდა დაეცე ადამიანი”.
“ჩემი ოჯახის წევრების საფლავზე ჭიშკარია მოხსნილი. აგერ მანდილოსანის შვილების საფლავია და ისიც გაძარცვეს”
“გამწარებულ დედას შვილების საფლავი ასე ხდება, სირცხვილი არ არის ეს? ქართველობაზე დობენ თავს და ასეთ რამეს აკეთებენ”-აცხადებენ ადგილობრივები.
საფლავების გაძარცვის ფაქტზე კომენტარს აკეთებს შემოქმედის ეკლესიის მღვდელი: “მე აქ ვცხოვრობ საერთოდ. დილის ხუთის ნახევარზე ვდგებით და ვიწყებ მსახურებას. მანამდე მოხდა ეს ეტყობა. არც ხმა გამიგონია და არც არაფერი და ამიტომ მგონია, რომ მანამდე მოხდა”.
როგორც შს-სი გვითხრეს, გამოძიება 258-ე მუხლის 2-ე ნაწილით მიმდინარეობს, რაც მიცვალებულთა უპატივცემულობას და საფლავში ჩატანებული ან საფლავზე არსებული ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებას გულისხმობს. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.