შვეიცარული ბანკი Credit Suisse ბიძინა ივანიშვილს უჩივის. ინფორმაციას bm.ge – ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, საჩივარი ივანიშვილისა და მისი კომუნიკაციების მრჩევლის წინააღმდეგ არის მომზადებული, რადგანაც Credit Suisse-ის განცხადებით, ივანიშვილმა გაასაჯაროვა შვეიცარული საბანკო რეგულატორის მიერ მომზადებული კონფიდენციალური დოკუმენტი, რომელიც Credit Suisse-ის ყოფილი ბანკირის, პატრიკ ლესკადრონის საქმიანობას უკავშირდებოდა.
სარჩელი ლონდონის სასამართლოში დარეგისტრირდა, Credit Suisse-ი მოითხოვს, რომ ივანიშვილის საკომუნიკაციო გუნდმა პასუხი აგოს შვეიცარული საბანკო რეგულატორის Finma-ს მიერ მომზადებული კონფიდენციალური ანგარიშის გამოქვეყნებისთვის. ეს დოკუმენტი ივანიშვილის მიერ დაქირავებული საკონსულტაციო ფირმა Metigen-ის მიერ შექმნილ ვებგვერდზე CSVictims.com-ზე იყო გამოქვეყნებული.
Finma-ს ანგარიში 2017 წელს მომზადდა და ის Credit Suisse-ის ყოფილი ბანკირის, პატრიკ ლესკადრონის, მიერ განხორციელებულ თაღლითურ ოპერაციას და მასთან მიმართებით ბანკის შიდა კონტროლის მექანიზმების ნაკლოვანებებს შეეხებოდა.
2018 წელს ჟენევის სასამართლომ პატრიკ ლესკადრონს ჩადენილი ფინანსური სამართალდარღვევების გამო 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლომ დაადგინა, რომ პირადმა ბანკირმა მისი კლიენტებს (ძირითადად ბიძინა ივანიშვილს) $144 მილიონის ფინანსური ზარალი მიაყენა, დოკუმენტების ფალსიფიკაციის შედეგად კი უკანონოდ $30 მილიონის ღირებულების ქონებას დაეფულა.
პატრიკ ლესკადრონი სასამართლო განხილვის დაწყებიდანვე აღიარებდა დანაშაულს. მისი თქმით, ივანიშვილის ხელმოწერას 2008 წლიდან მოყოლებული აყალბებდა. ხელმოწერის გაყალბებით აფორმებდა გარიგებებს, რომლებზეც ივანიშვილისგან ავტორიზაცია არ ჰქონდა მიღებული.
Credit Suisse-ის აღმასრულებლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ბანკს წლების განმავლობაში მიმდინარე სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა და რომ თაღლითური სქემის ავტორი მხოლოდ ივანიშვილის ყოფილი პირადი ბანკირია.
ბიძინა ივანიშვილის მიერ დაქირავებული საკონსულტაციო ფირმის მიერ შექმნილ ვებგვერდზე ნათქვამია, რომ Credit Suisse-ის კლიენტების ზარალი ამ თაღლითური სქემიდან $1 მილიარდ დოლარს შეადგენს, თუმცა შვეიცარული სასამართლოს მიერ მიღებული გამამტყუნებელი განაჩენის დროს ზარალად $144 მილიონი დოლარი დასახელდა.
ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-ის წინააღმდეგ სასამართლო პროცესში ბერმუდის კუნძულებზეც არის ჩართული, სადაც ქართველი ოლიგარქი აღნიშნავს, რომ ბერმუდის კუნძულებზე გახსნილი “დაზღვევის” ანგარიშზე პატრიკ ლესკადრონის თაღლითური ქმედებების გამო $400 მილიონი დოლარის ზარალი განიცადა.