დღეს მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა – იერუსალიმის ქრისტეს საფლავის ტაძარში წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის ცერემონია გაიმართება, რომელსაც, როგორც წესი, უამრავი მორწმუნე ესწრება, როგორც ადგილობრივი, ასევე ტურისტი. თუმცა, ბოლო ორი წელია ტრადიციული რიტუალის ფორმა საგრძნობლად შეიცვალა და ამის მიზეზი, რა თქმა უნდა, კორონავირუსის პანდემია გახდა.
წელს, ისრაელის მიერ ვაქცინაციის წარმატებით განხორციელების წყალობით, ტრადიციულ ცერემონია უფრო ხმაურიანი იქნება, თუმცა გარკვეული შეზღუდვები მაინც ძალაშია. რელიგიური ცხოვრება იერუსალიმში ნელ-ნელა ნორმალურთან მიახლოვებული ხდება, მაგრამ უცხოელი ტურისტებისთვის ქვეყანაში შესვლა ჯერ-ჯერობით თავისუფალი არ არის.
თუმცა, ისრაელის მთავრობა საზღვრების ნაწილობრივ გახსნას მაინც გეგმავს, რაც მომლოცველებისთვის სასიამოვნო ამბავი უნდა იყოს. დღევანდელი მდგომარეობით, ქვეყნის ტერიტორიაზე მხოლოდ იმ უცხოელებს უშვებენ, რომლებიც პირველი რიგის ნათესავის მოსანახულებლად ჩადიან. მიუხედავად ამისა, სასტუმროების უდიდესი ნაწილი უკვე გაიხსნა და, გავრცელებული ინფორმაციით, მაისიდან, წინასწარ შეთანხმებული განრიგით, ტურისტების შეზღუდულ რაოდენობას ექნება ისრაელში შესვლის შესაძლებლობა.
დღეისათვის უკვე ცნობილია, თუ რა მოთხოვნები ექნებათ შესასრულებელი ტურისტებს, სანამ ისრაელში შესვლის უფლებას მიიღებენ.
- გამოფრენის წინ აღებული კორონავირუსის ტესტის უარყოფითი პასუხი.
- ვაქცინის სერტიფიკატი
- ბენ გურიონის აეროპორტში ჩასვლისთანავე, ტურისტმა უნდა გაიაროს სეროლოგიური ტესტი.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, წელს იერუსალიმის ქრისტეს საფლავის ტაძარში ცეცხლის გარდამოსვლის ცერემონია კვლავ მოკრძალებული იქნება, თუმცა არა ისეთი, როგორიც გასულ წელს იყო. ადგილობრივ მორწმუნეებს ტაძარში შესვლის საშუალება თავისუფლად ექნებათ და ათმოსფეროც იმასთან მიახლოვებული იქნება, როგორსაც ყველანი მიჩვეულები ვართ.