ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის ოზურგეთის მერობის პოსტზე კანდიდატების შერჩევა მმართველ პარტიაში გრძელდება.
ამ ეტაპზე, როგორც “გურიის მოამბესათვის” ხდება ცნობილი, სახელისუფლებო გუნდი გია ცეცხლაძის კანდიდატურას განიხილავს.
43% ზღვარდაწესებული “ქართული ოცნება’ მიმდინარე წლის შემოდგომაზე ჩანიშნულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კანდიდატურების შერჩევისას, გასაგები მიზეზების გამო ზედმეტად ფრთხილობს.
თავისთავად გამონაკლისი არც ოზურგეთია.
პარტიაში მიმდინარე შიდა კლანური დაპირისპირების გამო ყველა დაჯგუფება საკუტარ “ყოჩს” ლობირებს.
ოზურგეთელი გია ცეცხლაძე, რომელიც ჯერ ბიზნესში იყო, ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე კი სახელმწიფო სტრუქტურებში გადაბარგდა და დღემდე იქაა, ზურგს პრემიერ ღარიბაშვილის კლანი უმაგრებს და მასაც პრემიერის კადრად მოიხსენიებენ.ამ ეტაპზე ეს მისთვის სერიოზული ბონუსია, რომ მმართველ პარტიაში დაწყებული კონკურენტული ბრძოლისას გამარჯვებული გამოვიდეს.
“გურიის მოამბე” შეეცადა ცეცხლაძესთან დაკავშირებას, მაგრამ მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.
ცნობისათვის, დღეისათვის “ქართული ოცნებიდან” ოზურგეთის მერობის შესაძლო კანდიდატებად ზემოაღნიშნული ცეცხლაძის პარალელურად დავით დარჩია, მერაბ ჭანუყვაძე, კოტე შარაშენიძე, გელა კობალაძე და გიორგი ღურჯუმელიძე სახელდებიან.
ეს კი იმას ნიშნავს რომ ხელისუფლებას მომავალ არჩევნებში მინიმუმ შიდა ძალების კონსოლიდაციის პრობლემა ექნება, რასაც კიდევ უფრო ართულებს ის ხმები, რომლის ტანახმადაც ჩამოთვლილთაგან დიდი ნაწილი კანდიდატების, მმართველი პარტიის დაწუნების შემთხევვაში დამოუკიდებლად აპირებს კენჭისყრას.
ხოლო ვინ გახდება საბოლოოდ “ოცნების” რჩეული, ეს მიმდინარე, მაისის თვის ბოლოს გახდება ცნობილი, რადგან მმართველი პარტია საკუთარი კანდიდატების შერჩევის დასრულებას მაისის ბოლოსთვის გეგმავს.
მანამდე კი თავისთავად ამ კანდიდატურების რიცხვი დიდი ალბათობით კიდევ გაიზრდება.. ანაც შესაძლოა პირიქით, შემცირდეს.