შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას თუ დავეყრდნობით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტს 23 და 24 აპრილს საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მთავრობის სხვა წევრები სტუმრობდნენ.
ამავე დოკუმენტაციის თანახმად, ხელისუფლების [პირველი პირები ფოლკლორის ცენტრში უნდა მისულიყვნენ და ანზორ ერქომაიშვილის მემორიალური სტელა უნდა გაეხსნათ.
ოზურგეთში არც პრემიერს რომ არ ჩამოუდგამს ფეხი და არც მთავრობის სხვა წევრებს ეს ისეთივე ფაქტია, როგორც ის დოკუმენტები, რომლებიც შესყიდვების სააგენტოს გვერდზეა და რომლის თანახმადაც, სწორედ ამ ვიზიტის გამო, ბიუჯეტიდან 12 630 ლარი გამოყვეს და დაასაბუთეს, რომ ეს თანხა გადაუდებელი აუცილებლობის წესით, ანუ ტენდერის გარეშე, სწორედ ღარიბაშვილის სტუმრობისთვის უნდა გამოეყოთ.
სულ თავიდან რომ დავიწყოთ, 20 აპრილს, ოზურგეთის მერს, კონტანტინე შარაშენიძეს ფოლკოლირს ცენტრის ხელმძღვანელმა, გურამ დონაძემ ოფიციალური წერილით მიმართა და მემორიალური სტელის მოწყობისთვის თანხის გამოყოფა თხოვა.
წერილში კი, რომელიც ფოლკლორის ცენტრმა მერიას გამოუგავნა ვკითხულობთ:
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საჯარო სამართლის იურიდიული პირს, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს მიენიჭა ანზორ ერქომაიშვილის სახელი. საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ოზურგეთის რეგიონული წარმომადგენლობაც ასევე დღეიდან ატარებს ანზორ ერომაიშვილის სახელს, რაც უდიდესი პატივია და მნიშვნელოვანი გზავნილი მომავალი თაობებისთვის. საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ოზურგეთის რეგიონული წარმომადგენლობის ადმინისტრაციული შენობა, რომელიც მდებარეობს ოზურგეთის მუნიციპალურ ცენტრში ჭანტურიას ქუჩა N 1-ში, მნიშვნელოვანია განთავსდეს ანზორ ერქომაიშვილის მემორიალური სტელა. ადამიანი რომელიც მთელი თავისი ცხოვრება ემსახურა ქართველთა ყველაზე ძვირფასი საუნჯის, ქართული მრავალხმიანობის მოძიებას, შენახვას და მის გადარჩენას, მსოფლიოს წინაშე ქართული გენის ღირსეულად წარდგენას, ფოლკლორის ქალაქში, მის მშობლიურ ოზურგეთში მნიშვნელოვანია საზოგადოებას მუდმივად ახსენებდეს მის ხსოვნას, მის მიერ განხორციელებულ ეპოქალური მნიშვნელობის საქმეებს.
მიმდინარე წლის 23-24 აპრილს ქალაქ ოზურგეთში მობრძანდება საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი ბატონი ირაკლი ღირიბაშვილი, მთავრობის სხვა წევრებთან და სტუმრებთან ერთად. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ოზურგეთის რეგიონული წარმომადგენლობის ადმინისტრაციული შენობის დათვალიერება. შესაბამისად, მნიშნელოვანია ანზორ ერქომაიშვილის მემორიალური სტელას პრეზენტაცია და გახსნის ცერემონია ჩატარდეს პრემიერ მინისტრის ხელმძღვანელობით. უმორჩილესად გთხოვთ, მიიღოთ მხედველობაში წინამდებარე წერილში დასმული საკითხი და დაუყოვნებლივ მიიღოთ ზომები, რათა მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოყოფილ იქნას შესაბამისი ფინანსური რესურსი, რომელიც მოხმარდება ანზორ ერქომაიშვილის მემორიალური სტელას დამზადებას- ვკითხულობთ დონაძის წერილში.
იმავე დღეს, 20 აპრილს, იგივე შინაარსის წერილს წერს ოზურგეთის მერს კულტურის სამსახურის უფროსი მარინა ჯაფარიძე და ითხოვს, რომ პრემიერის ვიზიტის გამო, ერთ პირთან მოლაპარაკების წესით გაფორმდეს ხელშეკრულება, თან ურთავს ინვოისს, რომელშიც გარკვევით წერია, რომ სტელა ლითონის იქნება და მერიც ბრძანების გამოცემას არ აყოვნებს:
-ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საკითხთა, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის მიერ მოთხოვნილია ქ. ოზურგეთში მდებარე საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ოზურგეთის რეგიონული წარმომადგენლობის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ ანზორ ერქომაიშვილის მემორიალური სტელის მშენებელობის სამუშაოების სასწრაფოდ ჩატარების საკითხი. აღსანიშნავია, რომ ბატონი ანზორ ერქომაიშვილი იყო საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, დიდი ლოტბარი და მუსიკოსი, სახელმწიფო ანსაბლების, „რუსთავი“-სა და „მართვე“-ს დამფუძნებელი, ქალაქ ოზურგეთის საპატიო მოქალაქე, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული და განსაკუთრებით გურული პოლიფონიის პოპულარიზაციის მიმართულებით. როგორც ცნობილია, ბატონი ანზორ ერქომაიშვილი გარდაიცვალა 2021 წლის 31 მარტს, რის შემდეგაც, ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სსიპ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს მიენიჭა ანზორ ერქომაიშვილის სახელი, შესაბამისად, ანზორ ერქომაიშვილის სახელს ატარებს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ოზურგეთის რეგიონული წარმომადგენლობაც. საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ოზურგეთის რეგიონული წარმომადგენლობა მდებარეობს ქ. ოზურგეთში, ჭანტურიას ქ. N1-ში (აღსანიშნავია, რომ ოზურგეთი წარმოადგენს ბატონი ანზორ ერქომაიშვილის მშობლიურ რაიონს), სადაც მნიშვნელოვანია, რომ განთავსდეს ანზორ ერქომაიშვილის სახელობის სტელა, რომელიც საზოგადოებას მუდმივად გაახსენებს მის მიერ განხორციელებული ეპოქალური მნიშვნელობის მოღვაწეობას. აქვე გასათვალისწინებელი ის ფაქტიც, რომ 2021 წლის 23-24 აპრილს ქალაქ ოზურგეთს სტუმრობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი, რომლის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ოზურგეთის რეგიონული წარმომადგენლობის ადმინისტრაციული შენობის დათვალიერება, შესაბამისად,მნიშვნელოვანია, რომ ანზორ ერქომაიშვილის სტელის პრეზენტაცია და გახსნის ცერემონია ჩატარდეს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით. პრობლემის მოსაგვარებლად საჭირო სამუშოების შესყიდვა (ჩPV კოდი: 45200000) საჭიროებს „სახელმწიფო შეყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 1 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული ტენდერის
პროცედურების ჩატარებას, ტენდერის დასრულებას ესაჭიროება არანაკლებ 21 კალენდარული დღე, ხოლო შემდგომ ხელშკრულების გაფორმებას, საუკეთესო შემთხვევაში 10 სამუშაო დღე მაინც, შესაბამისად, სამუშაოების დასაწყებად საჭიროა არანაკლებ 35-40 დღე მაინც. აღნიშნული ვადით შესყიდვის დაყოვნება შეუძლებელია ზემოთ აღნიშნული მიზეზების გამო. გამომდინარე აქედან, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 54-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე.ე.“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 1 (პრიმა) მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს N13 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად: ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ 1. გამარტივებული შესყიდვის დაუყოვნებლივ განხორციელების და გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ განახორციელოს ქ. ოზურგეთში მდებარე საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ოზურგეთის რეგიონული წარმომადგენლობის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ ანზორ ერქომაიშვილის მემორიალური სტელის მშენებელობის სამუშაოების შესყიდვა გამარტივებული შესყიდვის წესით. შესყიდვის ღირებულება განისაზღვროს 12 630 (თორმეტიათასექვსასოცდაათი) ლარით-, აღნიშნულია შარაშენიძის ბრძანებაში.
ამ ბრძანებასთან დაკავშირებით კითხვები შესყიდვების სააგენტომაც დასვა. რატომ იყო ეს გადაუდებელი აუცილებლობა და რატომ არ ცხადდებოდა ტენდერი?! მერიის პასუხი ერთობ საინტერესოა…თურმე შემსყიდველ ორგანიზაციას, ამ შემთხვევაში ვინმე დიმიტრი ბროძელს არ გააჩნია სამუშაოების ჩასატარებლად საჭირო მუშახელი და მასალა.
იმის გასარკვევად, თუ სად და როგორ ნახეს ასეთი “გაღლეტილი” საქმის შემსრულებელი, რატომ მოიტყუეს წერილებშიც, რომ პრემიერის ვიზიტის გამო სჭირდებოდათ ტენდერის გარეშე შესყიდვის განხორციელება და ყველაზე მთავარი -რატომ არ დგას სტელა დღემდე ფოლკოლორის ცენტრში?-ამ საკითხების გასარკვევად კულტურის სამსახურის უფროსს, მარინა ჯაფარიძეს დავუკავშირდით.
ქალბატონი მარინას განმარტებით, სტელა, რომელზეც იმის დამადასტურებელი წარწერა უნდა გაკეთებულიყო, რომ ფოლკლორის ცენტრს ანზორ ერქომაიშვილის სახელი მიენიჭა, სავარაუდოდ უკვე მზად უნდა იყოს, თუმცა როდის დაიკავებს ის თავის საპატიო ადგილს ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში, ეს მისთვის ჯერ ცნობილი არ არის, მიუხედავად იმისა,რომ ოფიციალურ წერილში დაჩქარებული წესით თანხის გამოყოფას თავადვე ითხოვდა:
“მე როგორც ვიცი სტელა, აღნიშნული წარწერით უკვე მზად უნდა იყოს, თუმცა როდის ჩამოიტანენ ოზურგეთში ეს არ ვიცი.
რაც შეეხება თანხის გამოყოფის საკითხს, ჩვენ მოგვამრთა ფოლკლორის ცენტრის ხელმძღვანელმა და იყო შემოთავაზება, რომ მერიის მხრიდან მომხდარიყო თანადაფინანსება.
სხვა დეტალებზე, მაგალითად თუ როგორ შეირჩა პირი, რომელიც ამ სამუშაოებს ასრულებს, მე ნამდვილად არ მაქვს დეტალური ინფორმაცია, რადგან ამ საკითხს თავად ფოლკლორის ცენტრი კურირებს”-გვითხრა ჯაფარიძემ.
ერთი სიტყვით, ასეთია რეალობა… ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, პრემიერის არარსებულ ვიზიტებზე უკვე დოკუმენტებს ადგენენ და ყველაზე ცუდ სიტუაციაში კი, გარდაცვლილი ხელოვანის სახელს ისე იყენებენ, რომ კითხები ყველას რჩება. პასუხები კი არ არის.