ევროკავშირის ელჩი: არჩევნების დღეს 70-ზე მეტი გუნდი 1000-ზე მეტ საარჩევნო უბანს დააკვირდება

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, შაბათს, 31 ოქტომბერს 70-ზე მეტი გუნდი 1000-ზე მეტ საარჩევნო უბანს დააკვირდება. ევროპელ დიპლომატთა სადამკვირვებლო გუნდის შესახებ განცხადება საელჩომ გავარცელა.

“არჩევნების დღეს, ვკისრულობთ უპრეცედენტო როლს განვახორციელოთ არჩევნების წარმართვაზე აქტიური მონიტორინგი: ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან და ევროპელ პარტნიორებთან ერთად, შევკრებთ 70-ზე მეტ გუნდს, რომლებიც ეწვევა 1000-ზე მეტ საარჩევნო უბანს ქვეყნის მასშტაბით.

ჩვენი გუნდი ასე გამოიყურება და, როგორც ხედავთ, იმავე მკაცრ  წესებს დაიცავს კოვიდის წინააღმდეგ, რომელიც უნდა დაიცვას ყველამ, ვინც ამ არჩევნებში მონაწილეობს.

ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ ეუთო/ოდირის მისიის ძალისხმევას. ჩვენ  ასევე ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციებთანაც მჭიდროდ ვითანამშრომლებთ”, – წერია ჰარცელის განცხადებაში.

ელჩი აღნიშნავს, რომ ევროკავშირი მზადაა, უფრო მეტად გამყარდეს ნდობა არჩევნების მიმართ დამატებითი საერთაშორისო “თვალისა და ყურის” საშუალებით.

“ჩვენთვის და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებისათვის მთავარია არა ის, თუ ვინ გაიმარჯვებს ამ არჩევნებში, არამედ ის, თუ როგორ იქნება მოპოვებული ეს გამარჯვება. ანუ ის, თუ როგორ ჩატარდება ეს არჩევნები და ამაზე პასუხისმგებლობა ყველა პოლიტიკურმა მოთამაშემ  უნდა აიღოს”, – ამბობს ელჩი ჰარცელი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share