“ბრძოლა ბოლომდე”– ასეთია შტურმით დაკავებული, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის დაკავებული ლიდერის, ნიკა მელიას მამის გზავნილი.
ანზორ მელია “ტვ პირველისთვის” მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ “ნიკა სამშობლოს სიყვარულისთვისაა დაკავებული”.
ხელისუფლება ნიკას სახელს ვერ გასვრის, რადგან ჩემი შვილი ვაჟკაცია. მეცინება, იმ ახალ პარლამენტარებზე, რომლებიც გამოდიან და ნიკა მელიას კაცობაზე საუბრობენ. სარკეში ჩაიხედონ, და თვითონ ჰაბიტუსი უჩვენებს, თვითონ რა ხალხი არიან. ნიკა ქურდობისთვის, ან მექრთამეობისთვის რომ იყოს დაკავებული, მაშინ ეს რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე ტვირთი იქნება მშობლებისთვის, მაგრამ როცა ის, სამშობლოს სიყვარულისა და მისი მომავლისთვის ზის ციხეში, იმისთვის, რომ “ქართულ ოცნებას” არ მიეყიდა, გვეამაყება და მის საპყრობილეში ყოფნას ვაჟკაცურად ვუძლებთ. მეც ვეუბნები: ბრძოლა ბოლომდე!”– ამბობს ანზორ მელია.
რაც შეეხება ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდას, ანზორ მელიას თქმით, ეს ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირი საქართველოში პოლიტიკური პატიმრების არსებობას აღიარებს.
ეს მთავრობა დღეს არის ხელისუფლებაში და ხვალ არ იქნება. ხვალ როგორ გამოვლენ ქუჩაში, როგორ იცხოვრებენ ისინი?! ევროკავშირი ხულიგნებისა და კრიმინალებისთვის გირაოს არ იხდის. ამით ევროკავშირი ხაზს უსვამს, რომ საქართველოში პოლიტიკური პატიმრები არიან და ნიკა პოლიტპატიმარია” – აცხადებს ენმ-ს თავმჯდომარის მამა.
ანზორ მელია ფიქრობს, რომ მისი შვილი ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდას დათანხმდება.
ნიკა ახლა გარეთ უფრო საჭიროა, სჭირდება პარტიას და ქართველ ხალხს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი უცხოელი პარტნიორები მოქმედ ხელისუფლებაზე იმოქმედებენ, მიამწყვდევენ მათ კუთხეში და ისინი ნიკას გამოშვებაზე დათანხმდებიან. ნიკას ყოველიო დღე ციხეში “ოცნების დასასრულია”– განუცხადა “პირველებს” ანზორ მელიამ.