ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ვაქცინაციის პროცესში ჩასართავად რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას გარკვეული სირთულეები ნამდვილად ექმნებათ. ამის შესახებ მან პარლამენტის წევრების აცრის პროცესის მონახულებისას ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მინისტრმა მოსახლეობის ინფორმირების მიზნით ადგილობრივ თვითმმართველობას არსებული რესურსის გამოყენებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ სამინისტრო ვაქცინაციის ოფიცრების რეგიონებში გაშვებას მომავალი კვირიდან შეძლებს.
“რეგიონებში პრობლემა ნამდვილად არის. ჩვენ აქტიურად გვყავს პროცესში ჩართული ადგილობრივი თვითმმართველობები და ვთვლით, რომ ისინი რეგიონებში მეტად აქტიურები უნდა იყვნენ; ვმუშაობთ მათთან ერთად.
ინტერნეტთან წვდომაზე და რეგისტრაციის კომპონენტთან დაკავშირებით ჩვენ დღეს ახალგაზრდებთან – სტუდენტებთან ვმუშაობთ. ისინი იქნებიან ვაქცინაციის ოფიცრები და სპეციალური მოწყობილობებით საზოგადოების იმ ნაწილის რეგისტრაციას შეუწყობენ ხელს, ვისთვისაც ეს პროცესი რთულად ხელმისაწვდომია, რაც ვთვლით, რომ დღემდე ვაქცინაციის პროცესში 55 წელს ზემოთ მოსახლეობის ნაკლები აქტივობის მიზეზია.
ახალგაზრდებს ესაჭიროებათ გარკვეული ცოდნა და სპეციალური ტექნიკა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მათი დატრენინგება და შემდეგ კვირაში ჩვენ ვიხილავთ მათ ფართოდ გაშლილს, საქართველოს მასშტაბით.
ამ მიმართულებით სამინისტროს გააჩნია კონკრეტული ხედვა, რომელიც უახლოეს მომავალში განხორციელდება. ასევე მოვუწოდებთ ადგილობრივ თვითმმართველობებს, რომ თავისი რესურსი მაქსიმალურად გამოიყენონ რათა, ადგილზე მოსახლეობისთვის დროული და სწორი ინფორმაციის მიწოდება მოხდეს“, – განაცხადა მინისტრმა.