“ნიკა მელია მზად არის, ციხიდან გამოსვლისთანავე გააგრძელოს ყველასთან თანამშრომლობა იმისთვის, რომ ქართულმა ოცნებამ ვერ მიიღოს 43% ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებზე“. – უთხრა რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ, ენმ-ს თავმჯდომარის, ნიკა მელიას საპატიმროში მონახულების შემდეგ, ჟურნალისტებს.
“ნიკა მელიას პოზიციაა სამომავლოდ ის, რომ ოპოზიციურ პარტიებს შორის უნდა არსებობდეს მჭიდრო კოორდინაცია, რადგან ის მჭიდრო კოორდინაციის გარეშე ვერ ხედავს ოპოზიციის მიერ თვითმართველობის არჩევნებზე 58%-ის აღების შესაძლებლობას”. – ამბობს კორძაია.
რაც შეეხება ამნისტიის კანონს, კორძაიას თქმით, მელიას პოზიცია ამასთან დაკავშირებით უცვლელია. მისივე თქმით, მელია ფიქრობს, რომ მისი გათავისუფლება ქართულ ოცნებაზეა დამოკიდებული.
“ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილ პროექტთან დაკავშირებით ნიკას გაეღიმა, როდესაც შეკითხვა დავუსვი. ის ამბობს, რომ მისი პოზიცია ამნისტიასთან დაკავშირებით ისევ უცვლელია. ეს უკვე გაჟღერებულია. ის ამბობს, რომ მისი გათავისუფლების გასაღები ქართული ოცნების ხელშია და მას შეუძლია, ეს გასაღები გადაატრიალოს”. – ამბობს კორძაია.
კორძაია იმედს გამოთქვამს, რომ ნიკა მელია უახლოეს დღეებში თავისუფალი იქნება და სამომავლო გეგმებზე თავად ისაუბრებს.