“გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებული ვითარების შესასწავლად ივნისში საქართველოს იუნესკოს ექსპერტი ეწვევა”

გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებული ვითარების შესასწავლად ივნისში საქართველოს იუნესკოს ექსპერტი ეწვევა. ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა “პირველი არხის” ეთერში ისაუბრა.

“გელათს ნამდვილად სჭირდება იმ ხარვეზების გამოსწორება, რომელიც გადახურვის პროცესში დაშვებულმა შეცდომებმა გამოიწვია. ჩვენ დაახლოებით 6 კვირაა, რაც ვართ ახალშექმნილ სამინისტროში და ჩემმა პირველმა მოადგილემ, ბატონმა კახა სიხარულიძემ, მთელი თავისი წარსული დიპლომატიური გამოცდილება მოახმარა იმას, რომ ამ მოკლე ვადაში, მიუხედავად პანდემიისა, ჩვენ მივიღეთ იუნესკოსგან თანხმობა და ივნისში გვეწვევა ცნობილი ექსპერტი, რომელიც ძეგლების გადახურვის სპეციალისტია და გააკეთებს შეფასებას. სწორედ ის გვეტყვის, თუ რამხელაა ზიანი. მე შეიძლება მქონდეს ჩემი წარმოდგენა და ვარაუდები, როგორც ერთ ადამიანს, რომელიც არ არის ამ საქმის პროფესიონალი. თუმცა, ჩემი ვარაუდიც დოკუმენტებს ეყრდნობა და შემიძლია გითხრათ, რომ ზარალი არის საკმაოდ დიდი და ხარვეზების გამოსწორებასაც საკმაოდ დიდი ადამიანური და ფინანსური რესურსი დასჭირდება. მაგრამ ხარვეზების გამოსწორება შესაძლებელია”, – თქვა წულუკიანმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share