მერაბ ჭანუყვაძის კედლიდან წაშლილი პოსტები _ ‘ოცნებაში“ დიდი გარჩევები დაიწყო

ქართული ოცნების მერობის ყოფილი კანდიდატის ბეგლარ სიორიძის გარემოცვა, პარტიის ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის მოქმედ თავმჯდომარეს და გურიის ყოფილ გუბერნატორს მერაბ ჭანუყვაძეს უკვე ღიად დაუპირისპირდა.

ამ დრომდე ოფისებსა და სალონებში გარჩეულმა ამბებმა, დღეს უკვე სოციალურ ქსელში გადაინაცვლა და ახლა, ბეგლარ სიორიძესთან ყველაზე მეტად დაახლოებულმა პირმა და მისი მერობის დროს თანამდებობაზე მყოფმა, სამსახურიდან კომპიუტერების გაყიდვაში ეჭვმიტანილმა პირმა ეკა ნინიძემ მერაბ ჭანუყვაძეს საჯაროდ, სოციალურ ქსელ ფეისბუკში, მისსავე გვერდზე ჰკითხა:

რატომ გაყიდეთ 2017 წლის არჩევნები?

ეს კითხვა ჭანუყვაძეს უპასუხოდ არ დაუტოვებია, ნინიძე ტყუილის გავრცელებაში დაადანაშაულა და მორიგ ბრალდებაზე, რომ მან სოფლის გამგებლებს 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების პირველ ტურში, პროგრამა მინიმუმად მეორე ტურამდე მიყვანა დაავალა და არა მმართველი გუნდის კანდიდატის გამარჯვება, კონკრეტული ფაქტები მოსთხოვა.

ნინიძემ ფაქტების ნაცვლად ბრალდებების წერა გააგრძელა, რასაც ჭანუყვაძის მხარდამჭერების, რომლის ნაწილსაც საზოგადოება მმართველი პარტიის “ქორებად” იცნობს, პოსტებიც მოყვა.

კომენტარებისგან თავი არც ჭანუყვაძეს შეუკავებია და ამ ამბების გარჩევაც კი დააანონსა.

დარჩა შთაბეჭდილება, რომ ამ ბრალდებების აბსურდულობაში დიდი ალბათობით ავტორიც დარწმუნებულია, მაგრამ როგორც ჩანს, წინასაარჩევნო კონტექსტიდან გამომდინარე „ ეს“ ვიღაცას, სავარაუდოდ შემკვეთს, ძალიან სჭირდება.

თუ გავითვალისწინებთ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ოზურგეთში კენჭისყრას ბეგლარ სიორიძის უახლოესი მეგობარი და საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე გელა კობალაძე გეგმავს, რომლის უკანაც სწორედ სიორიძეს მოიაზრებენ, ეს ეჭვი საფუძველს მოკლებული არ უნდა იყოს.

მით უმეტეს იმ ფონზე, რომ მერაბ ჭანუყვაძეს, რომელიც როგორც ცნობილია პრემიერ ღარიბაშვილთან დაახლოებული პირია, ქართული ოცნება განიხილავს ერთ-ერთ კანდიდატად და მისი კავშირებიდან გამომდინარე ეს კონკურენტებისთვის სასიამოვნო ნამდვილად არ არის. აქვე გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ჭანუყვაძეს ოზურგეთში მხარდაჭერა აქვს, მიუხედავად იმისა, რომ მისი საქმიანობის მიმართაც არსებობს შეკითხვები. თუმცა, სიორიძის წაგება ჭანუყვაძეს დააბრალო, როცა მას სხვა მიმართულებთ თავისი საკმარისი ცოდვებიც ეყოფა, ნამდვილად გავს შეკვეთილ ამბავს.

ვარაუდს უფრო ამყარებს  ის ფაქტიც,  რომ  ამას ის ეკა ნინიძე აკეთებს, რომელიც 2014 წლის საარჩევნო პერიოდში ბეგი სიორიძეს „ნაციონალებთან“ კავშირს და ხაჭაპურების ფრიალს აბრალებდა და მას შემდეგ რაც სიორიძემ ბაღების გაერთიანების დირექტორად დანიშნა, ეს უკანასკნელი ღმერთად გამოაცხადა.

თუმცა, ეს გასაოცარი არავისთვისაა. ეს ოზურგეთის რეალობაა _ ნავიდან ნავში, ერთმანეთის ჭამაში და ლანძღვაში გადის წლები და ჩვენი ქალაქი ერთ წრეზე ბრუნავს. ოცნებაში ისევ ერთმანეთს ჭამენ და ხოცავენ, ნაციონალები ხალისობენ, ე.წ. დამოუკიდებლები და შუაშისტები ერთობიან და ფულსაც შოულობენ და ასე მოგვადგა კარს არჩევნები, რომელიც პიკს მალე მიაღწევს.

თუ დღევანდელ ფაქტს გავითვალისწინებთ, ასევე გავიხსენებთ, რომ ოზურგეთის მერობის ამბიცია ჭანუყვაძის გარემოცვიდან დავით დარჩიას აქვს, ასევე, მის უახლოეს მეგობარს გია ცეცხლაძეს და არც მეტი, არც ნაკლები საკრებულოს თავჯდომარის მოადგილეს გიორგი ღურჯუმელიძესაც კი , არ არის გამორიცხული, ქართული ოცნების ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციაში გაღვივებული ნაკვერჩხალი მალე ხანძარში გადაიზარდოს, რომელსაც  გარედან ნავთს, სავარაუდოდ, ბეგლარ სიორიძეც და მისი გარემოცვაც დაასხამს.

ამ ყველაფერს ერთ საწვავის ავზს კოტე შარაშენიძეც დაუმატებს, რომელსაც მერობა ისევ უნდა და ამ ლოგიკას თუ მივყვებით და ფაქტებს კარგად გავაანალიზებთ, ამ დაპირისპირებით ეს უკანასკნელი ხეირობს, რომელსაც წინასაარჩევნო კამპანია უკვე დაწყებული აქვს და სულ არ ადარდებს სიორიძე-ჭანუყვაძის დუელი, რომელშიც ჩართული პაიკები,  გამორიცხული არ არის,  სწორედ მისგან იყოს მართული და როგორც 2017 წელს, ახლაც მოახერხოს და ოცნება, რომელიც ისევ ისევ გაყოფილია, როგორც ადრე, კიდევ ერთხელ გააცუროს.

თუმცა, აქ ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალი არ უნდა გამოგვრჩეს _ შარაშენიძეს წელს ნაციონალური მოძრაობა ნამდვილად არ დაეხმარება, რომელმაც მოქმედი მერის მხარდაჭერა თავის ერთ-ერთ მთავარ შეცდომად საჯაროდ აღიარა.

ერთი სიტყვით ოზურგეთში საარჩევნო ციებ-ცხელება იმაზე ადრე დაიწყო, ვიდრე მოსალოდნელი იყო. მმართველ პარტიას კანდიდატი ჯერ არ დაუსახელებია, ისევ შერჩევის პროცესშია და პარტიაში ლამის ერთმანეთი დახოცონ… ამას მალე სხვა პარტიებიც დაემატება და ოზურგეთის პოლიტიკურ სცენაზე დიდი არეულობა დაიწყება.

პ.ს. ეს სტატია გამოსაქვეყნებლად მზად იყო, როცა მერაბ ჭანუყვაძის კედელზე დაპირისპირების

ამსახველი ყველა კომენტარი წაიშალა, თუმცა, “გურიის მოამბემ”

სრული მიმოწერა სოციალური ქსელიდან გაქრობამდე დასქრინა, რომელსაც უცვლელად თავაზობთ

 

   .

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share