გურიის მასშტაბით ხვალ დილიდან 138 საარჩევნო უბანი ამომრჩევლებს სრულ მზადყოფნაში ხვდება, კომისიები მზად არიან არჩევნების ჩასატარებლად
ამის შესახებ “გურიის მოამბეს” ცესკოს წარმომადგენელმა გურიის საარჩევნო ადმინისტრაციებში, ზვიად თენეიშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, ყველა უბანი ხვალ დილის 7 საათიდან გაიხსნება და ამომრჩევლებს დილის 8 საათიდან 20 საათამდე ხმის მიცემის შესაძლებლობა არსებული კანონმდებლობის ფარგლებში ექნებათ.
უბნებში გატანილია უკვე საარჩევნო ბიულეტენები.
ცნობისათვის გურიაში ოფიციალურად 107 ათას 308 ამომრჩეველია დარეგისტრირებული, მათ 138 საარჩევნო უბანი და სამი საოლქო საარჩევნო კომისია მოემსახურება.
ხმის მიცემის პროცესს ათასზე მეტი კომისიის წევრი და 5 ათასამდე წარმომადგენელი და დამკვირვებელი გააკონტროლებს.