პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული ახალი სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ჩატარებულ სხდომაზე გურიის 3 მუნიციპალიტეტის ურბანული განახლების მდებარეობები შეარჩია.
მუნიციპალიტეტების მიერ წარდგენილი წინადადებებიდან კომისიამ ის არეალი შეარჩია, რომელთა ურბანული განახლების პროექტების/ესკიზების წარმოდგენა უკვე გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვებულ კომპანიებს დაევალებათ:
• ოზურგეთი – კულტურისა და დასვენების პარკი და მისი მიმდებარე ტერიტორია
• ჩოხატაური – ცენტრალური მოედნის მოწყობა და დუმბაძის ქუჩის მოწესრიგება
• ლანჩხუთი – ცენტრალური მოედანი, ცენტრალური პარკი და საავტომობილო მაგისტრალიდან ლანჩხუთში შესასვლელი კვანძის მიმდებარე ტერიტორია
პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, 160 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 28 აპრილს გამოაცხადა. ტენდერები მოიცავს დასავლეთ საქართველოს ოცდათოთხმეტივე მუნიციპალიტეტს. გამოცხადებული 8 ტენდერიდან, თითოეულის მოცულობა 20 მილიონი ლარია. ტენდერების შედეგად, გამოვლინდება საპროექტო და სამშენებლო კომპანიები, რომლებიც მოამზადებენ სპეციალური კომისიის მიერ შერჩეული ობიექტების ურბანული განახლების პროექტებს და შეასრულებენ ამავე დოკუმენტაციით განსაზღვრულ სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს.
4-წლიანი უპრეცედენტო პროგრამა, რომელიც საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია, ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტისა და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის განვითარებას გულისხმობს.
პროექტები განხორციელდება როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, ისე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერით.
კომისიის სხდომას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი სახოკია, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები და რეგიონის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.