ლანჩხუთელმა ქალმა ფეხბურთელებმა სტუმრად თბილისის „კვარტალი“ 5:1 დაამარცხეს.
ორივე გუნდს აქამდე ქულა არ ჰქონდა დაკარგული და გათამაშებას ლიდერობდა. მეტიც, თბილისელები უკეთესი ბურთების წყალობით ჯობდნენ კიდეც გასული სეზონის ქართული საფეხბურთო სენსაციის შემოქმედებს. სწორედ ეს ორი გუნდი „ნიკესთან“ ერთად ითვლება ქალთა ლიგის ფავორიტად.
ამის მიუხედავად, გიორგი ჩხაიძის შეგირდებმა იოლად მოიგეს. ანგარიში ირინა ხაბურზანიამ მე-7 წუთზე გახსნა,ტაიმის ბოლოს კი ორ წუთში, ჯერ ხატია ჭყონიამ გაიტანა, მერე _ თეონა ბაქრაძემ. მეორე ტაიმშიც ორ წუთში ასეთივე მიმდევრობით (65,67 წთ.) გაიტანეს და დუბლები გაიფორმეს ჭყონია-ბაქრაძემ. მასპინძლებმა მხოლოდ ერთი გოლის გატანა შეძლეს (3:0-ზე) და საბოლოოდ „ლანჩხუთმა“ 5:1 მოიგო.