„ნიკას აქვს დიდი გეგმები გაერთიანებულ ოპოზიციასთან ერთად. თუ სამშობლოსთვის საჭირო იქნება, პარლამენტშიც შევა“.
ასე ეხმაურება ევროკავშირის მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელის გირაოსთვის თანხის ჩარიცხვას ნიკა მელიას მამა, ანზორ მელია.
„ნიკას ციხეში ჯდომა უკვე მთელი ოპოზიციისთვის დამღუპველია, ნიკა უნდა იყოს გარეთ. ევროკავშირი კრიმინალებს და ქურდებს არ უხდის. ნიკამ აირჩია ეს გზა, ეს იყო ღირსეული. თვითონ თანახმაა იმიტომ, რომ ნიკას აქვს დიდი გეგმები გაერთიანებულ ოპოზიციასთან ერთად. თუ სამშობლოსთვის საჭირო იქნება, პარლამენტშიც შევა“, – განაცხადა ანზორ მელიამ.
შეგახსენებთ, 21 აპრილს, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელის მამა აცხადებდა, რომ მზად იყო, ქონება გაეყიდა და ასე გადაეხადა შვილის გირაოს თანხა.
„ეს არის თავზე ლაფის დასხმა, სულ გავყიდი ყველაფერს კაპიკებად და იმ 11 ათას ევროს გადავიხდი, მაგრამ ნიკამ ამიკრძალა და მე ჩემს შვილს ვეთანხმები. არავის მათხოვრები ჩვენ არა ვართ. რატომ უნდა გადაიხადონ ამიხსნან. ხომ იყო ახლა სასამართლო, რა გირაოზეა საუბარი, გირაო მოხსნილია და კიდევ იძახიან და ამართლებენ, ვინ არიან ეს უნამუსოები“, – აცხადებდა ანზორ მელია.
ევროკავშირმა ნიკა მელიას გირაოს თანხა ჩარიცხა.