რა საბურავებზე და რა ჟანგიან თოფებზე ლაპარაკობენ? კასრებში ვის ჰქონდა იარაღი შენახული? მათ ჰგონიათ, რომ ეს ხალხს დავიწყებული აქვთ, – ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ბარამიძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ „8 წელია ამბობენ „ნაციონალური მოძრაობა“ გადატრიალებას აწყობს, ერთი საბურავი მაინც ხომ უნდა ეპოვათ სადღაც, ერთი ჟანგიანი თოფი ხომ უნდა ეპოვათ სადმე?“
როგორც თალაკვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, აღნიშნული განცხადება „უტიფარი“ და „ცინიკურია“.
„ეს ჩემი აზრით, ცინიკური და უტიფარი განცხადებაა იმ ყველაფერზე, რაზეც ჩვენ ობიექტური ინფორმაცია და სავარაუდო ცნობები მივაწოდეთ საზოგადოებას. ვინ დასვა ეს შეკითხვა, შემთხვევით, ერთი წლის წინ აქ ხომ არ იდგა იგივე ხალხი, ვინც ამ კომენტარს აკეთებს და ძალადობრივ შეტევას ხომ არ ახორციელებდნენ პარლამენტზე? ან ხალხს ხომ არ მოუწოდებდნენ ორი წლის წინ არჩევნებზე ზუგდიდი ავადუღოთო? ან ეგ ხალხი ხომ არ იყო, აქტივისტებს რომ დაესხნენ თავს და მერე ხალხს ეუბნებოდნენ, ეს შემთხვევითი ავარია იყოო. რა საბურავებზე და რა ჟანგიან თოფებზე ლაპარაკობენ? კასრებში ვის ჰქონდა იარაღი შენახული? მათ ჰგონიათ, რომ ეს ხალხს დავიწყებული აქვთ. უნდათ რომ ისტორია და მეხსიერება წაშალონ და ჰგონიათ, რომ 31 ოქტომბერს საზოგადოება მოვა იმ განცდით, რომ გადაფუთული „ნაციონალური მოძრაობა“ სხვადასხვა საარჩევნო ნიღბებით შემოსილები, ჰგონიათ, რომ ხალხს აერევა? ან გგონიათ, რომ საზოგადოებამ ვერ დაინახა ოპოზიციის ეს ნაწილი რა გაკოტრებული მოვიდა წინასაარჩევნო კამპანიაში?! თქვენც კი გაგიჭირდებათ ჩამოთვლა, რა არის მათი დაპირებები და როგორ აპირებენ მათ განხორციელებას, რა პროგრამები და ბიოგრაფია აქვთ. არც მომავალი იციან როგორი უნდა იყოს და არც წარსული უვარგათ. რა ჟანგიან თოფებზე ლაპარაკობენ? ეს არის ჩვეულებრივი ცინიზმი და უტიფარი განცხადებები იმის ნაცვლად, რომ არგუმენტები წარმოადგინონ“, – განაცხადა თალაკვაძემ და დასძინა, რომ „რადიკალური ოპოზიციაა ის, ვინც პარლამენტზე ძალადობრივ შეტევას ახორციელებდნენ – „ნაციონალური მოძრაობა“ მისი სატელიტური სისტემა, პროპაგანდის მანქანა მედია-სპეცდანაყოფები“.
ამასთან, თალაკვაძემ აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებას“ სრული შესაძლებლობა აქვს გაიმარჯვოს და დააკომპლექტოს სრული უმრავლესობა პარლამენტში.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბარამიძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რომ 8 წელია ამბობენ „ნაციონალური მოძრაობა“ გადატრიალებას აწყობს, ერთი საბურავი მაინც ხომ უნდა ეპოვათ სადღაც, ერთი ჟანგიანი თოფი ხომ უნდა ეპოვათ სადმე?
„არანაირი ამბოხი, 8 წელი ამ ამბოხს იკვლევენ, თითქოს საბურავებს ვაგროვებდით, ხან რას ვაკეთებდით, ხან რას. 8 წელია ამბობენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გადატრიალებას აწყობდა, ერთი საბუთი მაინც ხომ უნდა ეპოვათ სადღაც, ერთი საბურავი ხომ უნდა ეპოვათ სადღაც, ერთი ჟანგიანი თოფი ხომ უნდა ეპოვათ სადმე? უბრალოდ, არიან ისტერიკაში და ეს ყველაფერი არის გათვლილი იმ საზოგადოებაზე, რომელსაც, რასაც ჩასძახებ, ყველაფერს იწებებს, ყველანაირ სისულელეს, აბსურდს, სიბინძურეს რომ დაიჯერებს“, – განაცხადა ბარამიძემ.