კომენდანტის საათი “6 თვისაა”

უკვე ზუსტად ნახევარი წელია, ანუ 178 დღეა, რაც “ოცნების” ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 21:00 საათის შემდეგ სახლიდან გასვლა გვეკრძალება. ამას მმართველი გუნდიც და ინფექციონისტების ნაწილიც კორონაპანდემიას უკავშირებს. ამბობენ, რომ ქვეყანაში გადაადგილების შეზღუდვა სწორედ კორონავირუსისგან თავდაცვის მიზნით დაწესდა.

“ოცნების” ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ეს შეზღუდვა ძალაში 2020 წლის 9 ნოემბერს შევიდა. მაშინ კომენდანტის საათი მხოლოდ დიდ ქალაქებს: თბილისს, ბათუმს, ქუთაისს, რუსთავს, ზუგდიდს, გორსა და ფოთს შეეხო. მოქალაქეებს გარეთ გასვლა 22:00-დან 05:00-მდე აეკრძალათ.

მთავრობამ გამონაკლისი მხოლოდ ერთხელ, არჩევნების მეორე ტურის დროს დაუშვა, როცა შეზღუდვა ორი ღამით გაუქმდა. აღდგომის ღამეს კი მთავრობის საკოორდინაციო საბჭომ კომენდანტის საათი არ გააუქმა – დაწესებული შეზღუდვა 1 მაისის 23:00 საათიდან, 2 მაისის 4 საათამდე მოქმედებდა.

დღეისათვის, კომენდანტის საათი მთელ საქართველოში მოქმედებს და გადაადგილება 21:00 საათიდან 05:00 საათამდეა აკრძალული.

როდის მოიხსნება კომენდანტის საათი, არავინ იცის – შეზღუდვის გაუქმების მოთხოვნით, მოქალაქეებსა და სამოქალაქო აქტივისტებს დღემდე არაერთი აქცია აქვთ ჩატარებული, თუმცა ამაოდ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share