8 მაისს, ავღანეთში, დედაქალაქ ქაბულში, სკოლასთან მომხდარ აფეთქებას 68 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაშავდა 165.
აფეთქება მოხდა დაშთ-ე-ბარჯის რაიონში, სადაც ძირითადად შიიტი მუსლიმები ცხოვრობენ და წარსულში ხშირად იყვნენ სუნიტური ტერორისტული დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს სამიზნეები.
პირველი აფეთქება საიედ ალ-შუჰადას სკოლის წინ მოხდა. როდესაც შეშინებულმა მოსწავლეებმა გაქცევა დაიიწყეს, კიდევ ორი ბომბი აფეთქდა. ოფიციალურ პირთა თქმით, გარდაცვლილთა უმეტესობა სკოლის მოსწავლე გოგოები არიან.
ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ აფეთქებაში თალიბანი დაადანაშაულა, მაგრამ დაჯგუფების წარმომადგენელმა ბრალდება უარყო და მშვიდობიან მოქალაქეებზე თავდასხმა დაგმო.
აფეთქება მოხდა დღესაც, 10 მაისს. გზაზე დამონტაჟებულმა ბომბმა ავტობუსი ააფეთქა. გარდაიცვალა მინიმუმ 11 ადამიანი და ათობით დაშავებულია. აფეთქება ზაბულის პროვინციაში მოხდა. პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ დაჯგუფებას აუღია. თალიბანის წარმომადგენლები კომენტარის გაკეთებისგან ჯერჯერობით თავს იკავებენ.
მას შემდეგ, რაც აშშ-მ განაცხადა, რომ ავღანეთის სრულად დატოვების ბოლო ვადას 2021 წლის 11 სექტემბრამდე გადადებდა, ქვეყანაში ძალადობის შემთხვევები გაიზარდა. აშშ-მ ავღანეთის დატოვება უკვე დაიწყო. რამდენიმე დღის წინ თალიბანი თავს დაესხა ჰელმანდის პროვინციას, სამთავრობო ძალებმა თავდასხმა მოიგერიეს.