წინა ხელისუფლებამ ერთადერთი რაც გლდანს გაუკეთა – ააშენა ციხე და გაავსო იგი ჩვენი მოქალაქეებით, – ამის შესახებ გლდანის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან კობიაშვილი აცხადებს.
„ძალიან დიდი მადლობა ჩვენ გუნდს. გუნდმა, რომელმაც მეორედ გამომიცხადა ნდობა და დამასახელა გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატად. ეს არის ჩემთვის დიდი პატივი და უდიდესი პასუხისმგებლობა და პასუხისმგებლობას ვგრძნობდი გასული ოთხი წლის განმავლობაში. ოთხი წელი, რომელიც ჩვენ ერთად, გლდანელებთან ერთად შევქმენით და მე ძალიან გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ გლდანი დღეს არის იმაზე უკეთესი ვიდრე ეს იყო ოთხი წლის წინ და დარწმუნებული ვარ მომდევნო ოთხი წლის შემდეგ კიდევ უფრო უკეთეს გლდანს ვიხილავთ ჩვენი გუნდის წევრის მხარდაჭერით.
ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა იყო მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში იმ რაიონის, რომელ რაიონშიც დაიბადე და გაიზარდე. რაიონს, რომელსაც ძალიან დიდი დამსახურება და დიდი პატივი აქვს ჩემთვის პირადად, როგორც ადამიანისთვის ჩემი ჩამოყალიბებისთვის. ჩემი ახლობლები, ჩემი მეზობლები, ჩემი უბანი, ჩემი სკოლა პედაგოგები და ყველა ის ადამიანი, ვისთანაც ერთად წლების განმავლობაში მე ვცხოვრობდი. და ძალიან კარგად მესმის ასევე თუ რას ნიშნავს გუნდურობა ვინაიდან ჩემი წარსული საფეხბურთო კარიერიდან გამომდინარე ყოველთვის ვიყავი კარგი გუნდის კარგი მოთამაშე და პოლიტიკაში ზუსტად ამ არაჩვეულებრივი და ძალიან ძლიერი და მაგარი გუნდის კარგი წევრი.
მე მიხარია და ვამაყობ ამით და ვამაყობ იმით თუ ჩვენ ერთად რა გავაკეთეთ გლდანისთვის. ნამდვილად ძალიან კარგად იცის თითეულმა გლდანელმა რა იყო წინა ხელისუფლების დროს, როდესაც მათთვის გლდანი არ იყო მნიშვნელოვანი და ერთადერთი რამ რაც გლდანს გაუკეთეს – ააშენეს ციხე და გაავსეს ციხე ჩვენი მოქალაქეებით. ჩვენ ციხეების აშენება არ გვჭირდება და არც მისი გავსება. ჩვენ ვაკეთებთ და ვაშენებთ სკოლებს, ვაშენებთ ბაღებს, ვაშენებთ უნივერსიტეტებს, ვაშენებთ სკვერებს და ვაშენებთ სტადიონებს და ზუსტად სიმბოლურად ვართ იმ ადგილას, სადაც სულ რამოდენიმე დღის წინ გაკეთდა არაჩვეულებრივი პროექტი, ერთ-ერთი მართლაც ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი – ფეხბურთის სტადიონი აშენდა, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ახალგაზრდა თაობებისთვის. თაობებისთვის, რომელიც არის ჩვენი მომავალი მათი განათლება, მათი ჩართულობა სპორტულ აქტივობაში და ეს არ ხდება მხოლოდ გლდანში.
ამ ქვეყანაში ნამდვილად აღარ დაბრუნდება ის დრო, როდესაც სტადიონებს ანგრევდნენ და სტადიონებს ყიდიდნენ, არა ჩვენ პირიქით, ვაშენებ და ავაშენებთ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ვინაიდან ეს არის ის გზა, რომელიც ჩვენმა გუნდმა გადაწყვიტა და მივდივართ ამ სწორ გზაზე და ვერავინ, ვერცერთი ძალა ამ ქვეყანაში ვერ შეუშლის ხელს ამ გზის წინსვლაში. ჩვენ ვართ ერთადერთი გუნდი და მე ვამაყობ ნამდვილად რომ გუნდის წევრი ვარ და ნამდვილად დიდი პატივია ეს ჩემთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში კიდევ უფრო უკეთეს გლდანს ვიხილავთ და უკეთესი ქვეყანა გვექნება და ყველა ჩვენთაგანი ვიცხოვრებთ ამ ძალიან მაგარ ქვეყანაში“, – განაცხადა ლევან კობიაშვილმა და გლდანის მოსახლეობას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.