“გურიის მოამბის” რედაქტორი, თეა იოსელიანი, რომელიც ე. წ გავრილოვის ღამის გამო ხელისუფლების მიმართ გამოთქმული არა ერთი კრიტიკული პოსტისა და წერილის გამო შვილების დახოცვის მუქარის ადრესატი გახდა, უკვე ერთი წელია ემიგრაციაში იმყოფება და ჩვენს ქვეყანაში არსებულ სიტუაციას დღემდე კრიტიკული პოსტებით აქტიურად ეხმაურება სოციალური ქსელის მეშვეობით. წინასაარჩევნო პერიოდში ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ შანტაჟს, მუქარასა და მოსყიდვის ფაქტებს და საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან მიღებულ ერთჯერად “მოწყალებას” საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ასე ეხმაურება:,არც ერთხელ, არასდროს, არც ერთ სიტუაციაში არ მიფიქრია პირად სარგებელზე და ყველა ჩემი ფიქრი, ოცნებაც და იმედიც მხოლოდ ჩემი ქვეყნის უკეთეს ხვალინდელ დღეს უკავშირდებოდა და ასეა დღესაც, აქედან, შორიდანაც. ჰოდა, იქნებ შენთვის, შენთვისაც და თქვენი ოჯახის წევრებისთვისაც არად ფასობს ქვეყანა, არც მისი მომავალი და სწორედ ამიტომ არჩიეთ “დღევანდელი კვერცხი ხვალინდელ ქათამს” (მერე რა, რომ ხელში მხოლოდ კარტოფილი და ვაშლი შეგრჩათ) მაგრამ, მაინტერესებს, საკუთარ შვილებს რას ეუბნებით? მათ როგორ უხსნით, რომ ორი დღის სამყოფ პროდუქტზე ღირსების გაცვლით, ორი დღით ამოვსებული სტომაქის გამო თქვენს სიხარულს სხვისი (კარტოფილის შემომთავაზებლის) შვილების გაზულუქებული ცხოვრება და უდარდელი მომავალი ვარჩიეთო? ერთხელ მაინც შეგრცხვეთ, ერთხელ მაინც დაფიქრდით, ერთხელ მაინც გაგახსენდეთ თქვენი შვილები, სანამ იმ ლუკმას გადაყლაპავთ, თქვენს თავმოყვარეობაზე, პრინციპსა და მორალზე დიდი ფასი რომ დაურჩა!!!