WHO-ს ავტორიზაციამდე “სინოვაკით” ვაქცინაციის დაწყებას მთავრობასთან განვიხილავთ – გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ჩინური ვაქცინა Sinovac-ით აცრის დაწყების საკითხს მთავრობასთან განიხილავენ. თუ მთავრობა შეთავაზებას მხარს დაუჭერს “სინოვაკით” ვაქცინაცია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისგან ავტორიზაციის მიღებამდე დაიწყება.

გაბუნიამ სავარაუდო თარიღად მაისის შუა რიცხვები დაასახელა.

“ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება არ არის “სინოვაკთან” მიმართებაში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისგან, თუმცა არის სტრატეგიული ექსპერტების ჯგუფის შუალედური ძალიან კარგი და დადებითი დასკვნა. ამ დასკვნის საფუძველზე, გამომდინარე იქიდან, რომ საჭიროება მაღალია, იმუნიზაციისა და ვაქცინაციის საბჭომ მხარი დაუჭირა მთავრობასთან ამ საკითხის განხილვას, “სინოვაკის” შედარებით ადრეული გამოყენების თაობაზე”, – თქვა თამარ გაბუნიამ. 

მისი განცხადებით, WHO-სგან ავტორიზაციის მიღებაზე მსჯელობა თვის ბოლოს დასრულდება.

გარდა ამისა, ხვალ 8 საათიდან დაიწყება “სინოფარმის” მეორე დოზებით ვაქცინაციაზე რეგისტრაცია დაიწყება. გაბუნიას თქმით, მეორე დოზით აცრა მოსახლეობას 25 მაისიდან უწევს.

შეგახსენებთ, რომ “სინოვაკი” ჩინური ვაქცინაა, რომელის 100 000 დოზა საქართველომ ჩინეთიდან საჩუქრად მიიღო. ამ ვაქცინას ჯერ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ავტორიზაცია არ აქვს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share