“ჩვენი ეკონომიკა რომ იძლეოდეს საშუალებას, დღეს ყველანაირი საფუძველია იმისა, რომ ქვეყანაში ოთხიდან ექვს კვირამდე ძლიერი “ლოქდაუნი” შემოიღო და ზაფხულს შეხვდე კარგი მაჩვენებლით”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ გადაცემა Forbes Health-ში საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, დღეს ასეთი მკაცრი “ლოქდაუნის” გამოცხადება ძალიან რთული იქნება ყველა მიმართულებით.
„ამას უკვე დღევანდელი ეკონომიკა ვერ გაუძლებს, განსხვავებით წინა გაზაფხულისა, როდესაც იყო რეზერვები, დახმარების მეტი მოლოდინი, საშუალება და ხალხის დამყოლობა ძლიერი იყო. დღეს ეს სამივე კომპონენტი, სამწუხაროდ, ვერ იმუშავებს. ამიტომ ახლა არის ე.წ ოქროს შუალედი და დანის პირზე სიარული“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, „კომენდანტის საათის“ ერთადერთი მიზანი არის ის, რომ მობილობა მაქსიმალურად შემცირდეს. გამყრელიძის განმარტებით, მობილობის შემცირება ნებისმიერი პანდემიის დროს ეპიდემიასთან ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი იარაღია.
“მხოლოდ ამისთვის არის შემოღებული, შაბათ-კვირას რესტორნების არფუნქციონირებაც, ამას სხვა ახსნა არ აქვს“, – დასძინა მან.