რომელი ოჯახები მიიღებენ მთავრობისგან 500-ლარიან ერთჯერად დახმარებას

ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა, რომ ომის მონაწილეებზე 1000 ლარიან, დაღუპულთა ოჯახის წევრებზე კი 500-ლარიან ერთჯერად სოციალურ დახმარებას გასცემდა. საქართველოში თითქმის ყველა ოჯახს ჰყავს მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ან უგზო-კვლოდ დაკარგული წინაპარი. ამიტომ მოლოდინი ძალიან ბევრს გაუჩნდა. მოქალაქეთა ნაწილმა ჩათვალა, რომ მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ან უგზო-იკვლოდ დაკარგულთა ყველა ოჯახის წევრი მიიღებდა ერთჯერად სოციალურ დახმარებას, 500 ლარის ოდენობით. როგორც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში გვითხრეს, ბოლო რამდენიმე დღეა მათთან უამრავი ადამიანი რეკავს და თანხის ჩარიცხვასთან დაკავშირებით მოლოდინი აქვთ. კონკრეტულად, ვინ მიიღებს მთავრობისგან ერთჯერად სოციალურ დახმარებას, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან გვპასუხობენ: “საქართველოში მეორე მსოფლიო ომის 263 ვეტერანი გვყავს. თითოეული მათგანი რეგისტრირებულია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მონაცემთა ბაზაში და მთავრობისგან ერთჯერადად 1000 ლარს მიიღებენ. რაც შეეხებათ მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს, კონკრეტულად, მეუღლე და დაბადებიდან შშმ შვილი, რომლებიც ასევე რეგისტრირებულნი არიან ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მონაცემთა ბაზაში, 500 ლარს მიიღებენ. უამრავი ადამიანი გვირეკავს და გვეკითხება, ეკუთვნით თუ არა მათ აღნიშნული დახმარება. კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ 500 ლარი ჩაერიცხება მეორე მსოფლიო ომში დაღულულ ან უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ცოლს ან შშმ შვილს, რომლებიც ბაზაში არიან აღრიცხულნი და რომელთა მონაცემები და სიები სამსახურმა მთავრობას პირველ მაისამდე გადასცა. აღსანიშნავია, რომ ბაზების განახლება სულ მიმდინარეობს.” – გვითხრეს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში. მათივე ინფორმაციით, 1941-1945 მეორე მსოფლიო ომში, საქართველოდან, 700 000 – მდე ჯარისკაცი და მოხალისე იმყოფებოდა, 300 000-ზე მეტი კი ფრონტიდან ცოცხალი ვერ დაბრუნდა.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share