ლანჩხუთ-ჩოხატაურის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი, პარლამენტის წევრი “ქართული ოცნებიდან”, ნინო წილოსანი “კვირის პალიტრასთან” აცხადებს, რომ გურიაში მის მაჟორიტარობამდე და მას შემდეგაც ბევრი რამის გაკეთება მოახერხა, ფონდ “წილოსანის” მეშვეობით კი ფინანსურად არა ერთ ოჯახს, მათ შორის სოციალურად დაუცველ ბავშვებს დახმარებია: ” უკვე მეორე მოწვევის პარლამენტის წევრი ვარ. საქველმოქმედო საქმიანობაში ადრეც აქტიურად ვიყავი ჩართული, განსაკუთრებით, გურიის რეგიონში: ჩემი ოჯახი ყოველთვის ეხმარებოდა იქ მცხოვრებ მეზობლებს, მეგობრებს, ნათესავებს… გვქონდა ფონდი “წილოსანი”, რომელიც სოციალურად დაუცველ ბავშვებზე ზრუნავდა. საინტერესო პროექტები განვახორციელეთ და როცა “ქართული ოცნებიდან” მივიღე წინადადება, დავთანხმდი: მაჟორიტარობა სავსებით ეხამებოდა იმ საქმიანობას, რომელიც გურიასთან მაკავშირებდა. მივხვდი, რომ შემეძლო, პარლამენტიდან უფრო მეტი რამ გამეკეთებინა ჩემი რეგიონისთვის. ამიტომაც დავთანხმდი. ჩემთვის პოლიტიკა ახალი სფერო იყო, მით უმეტეს, არსებობდა აზრი, რომ მაჟორიტარები კაცები უნდა იყვნენ. გურიაში ამის გამო არანაირი შეფერხება არ მქონია, რადგან ეს ძალიან ცივილიზებული კუთხეა. მე ისედაც მიყვარს საჯარო შეხვედრები, სოფლებში ჩასვლა და ხალხთან შეხვედრა, ამიტომ საარჩევნო კამპანია ყველაზე პოზიტიური პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში. გურიაში ხელშეუხებელი ბუნებაა, იქ დიდი რესურსია, განსაკუთრებით ტურისტული, რაც ჯერჯერობით არ არის ათვისებული. სწორედ ამიტომ შევეცადე, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებით მაინც შეგვექმნა სათანადო ბაზისი: მოწესრიგდა გზები, სკოლები, ბევრ სოფელში წყლის პრობლემაც მოგვარდა… ლანჩხუთში ბავშვთა ფეხბურთის აკადემია შევქმენით, რომლის მსგავსი დასავლეთ საქართველოში მხოლოდ რამდენიმეა. მოკლედ, ბოლო წლებში ამ რეგიონში ბევრი კარგი საქმე გაკეთდა”.-აცხადებს დეპუტატი.