კიდევ ერთი უტოპიური იდეა “ქართული ოცნებისგან” – დეპუტატი ელისო ბოლქვაძე ქუთაისში მიტოვებული პარლამენტის გადარჩენას ცდილობს და თავისსავე ხელისუფლებას მიმართავს იდეით, შენობა სამხატვრო გალერეად გადაკეთდეს.
ბოლო ექვსი წლის განმავლობაში უფუნქციოდ და ფაქტობრივად უპატრონოდ მიტოვებულ შენობას “ოცნების” ხელისუფლებამ ვერავითარი ფუნქცია ვერ მოუძებნა და ყოველთვიურად მის შესანახად ასი ათას ლარს ხარჯავს. ახლა კი საბოლოო გადაწყვეტილება კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა უნდა მიიღოს.
პარლამენტის შენობა ქუთაისში 6 წლის განმავლობაში ფუნქციონირებდა. 2018 წელს შენობა გასაყიდად გამოიტანეს, თუმცა არ გაიყიდა. 2019 წელს კი, მაშინდელმა პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ შენობაში ერთგვარი საპოლიციო ჰაბის გახსნის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა არც ეს იდეა განხორციელდა. 2021 წლის მდგომარეობით კი, მრავალმილიონიანი შენობა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და აღარ იყიდება.