„ქართული ოცნების“ ელექტორატი შეთხელდა”

“პოლიტიკური პროექტი, რომლის მიზანია „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 43% არ აიღოს, არა რეალისტურია. ჯერ ერთი, „ქართული ოცნების“ ელექტორატი შეთხელდა „ოცნებისგან“ გიორგი გახარიას გათიშვით და დამოუკიდებელი პოლიტიკური საქმიანობის დაწყებით. კიდევაც რომ ვივარაუდოთ, რომ გახარია ივანიშვილის თამაშს თამაშობს, ეს მაინც არღვევს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური სხეულის მონოლითურობას და თანაც ისე, რომ ვერც გახარიას პარტიას აძლევს უმრავლესობის მობილიზების შესაძლებლობას. „ოცნებისგან“ ხმების გარკვეული რაოდენობით წართმევას ლევან ვასაძის ახალი პარტიაც შეძლებს. ასე რომ, „ქართული ოცნების“ ელექტორატი კიდევ უფრო მეტად დაქსაქსული ხვდება ადგილობრივ არჩევნებს, რაც ხელისუფლებას 43%-ის აღების შანსს ძალზე ურთულებს. მის კრიტიკას ხელისუფლება თავად უქმნის ნოყიერ ნიადაგს, რადგან ვერ მოიპოვა რამდენადმე ხელშესახები წარმატება ქვეყნის წინაშე არსებული უმწვავესი პრობლემების გადაჭრის გზაზე, როგორებიცაა უმუშევრობა, სიღარიბე, ღირსეული პენსია, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ა.შ.-აცხადებს პოლიტოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი “ინტერპრესნიუსისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share