რატომ აგინა გურიის მაჟორიტარმა ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრის თანამშრომლებს

გურიის მაჟორიტარი პრემიერთან არ შეუშვეს

ოზურგეთში გუშინ სტუმრად მყოფ ქვეყნის პრემიერის ვიზიტს ინცინდენტების გარეშე არ ჩაუვლია.

ჯერ იყო და კომენტარის გარეშე დაწესებულებებიდან დაწესებულებებში მორბენალ პრემიერსა და მას დადევნებულ ჟურნალისტებს შორის დაპირისპირებები და ამ დაპირისპირებებისას ჟურნალისტებზე მოძალადე პრემიერის დაცვის წევრებს შორის შეხლა შემოხლა გუშინდელ ვიზიტს ლაიტმოტივად ლამის მთელი დღე გაჰყვა.

ეს ყველაფერი კი, ბოლოს იმით დაგვირგვინდა, რომ პრემიერის დაცვამ კრიტიკული მედიის წარმომადგენლები ოზურგეთის თეატრში არ შეუშვა, უსაფრთხოების სამსახურმა საგულდაგულოდ “გადარაზა” თეატრის კარები და ერთ ერთმა წარმომადგენელმა ბრძანა- რომ ეს დავალება “ზემოდან” იყო.

ეს ერთადერთი იყო, რის გამოც ჟურნალისტებს გული არ დასწყვეტიათ, რადგან როგორც ერთ ერთმა თეატრის შესასვლელში “ჩარჩენილმა” ცენტრალური მედიის წარმომადგენელმა, ბრძანა – ოზურგეთის თეატრის სპექტაკლს ორის საათი “ჩემმა მტერმა უყურაო”.

მტრის რა მოგახსენოთ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ორ საათიან წარმოდგენას მხოლოდ პრემიერი და “ოცნების” “ელიტა” ესწრებოდნენ, უბრალო მოქალაქეები სურვილის შემთხვევაშიც ამ “ბედნიერებას” მოკლებული აღმოჩნდა.

რაც შეეხება მთავარ ინცინდენტს, მას ადგილი ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში ჰქონდა.

ფოლკლორის ცენტრის წინ, ბახვის საჯარო სკოლიდან მომავალმა პრემიერმა, ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწის, ანზორ ერქომაიშვილის სტელა გახსნა. სწორედ ამ დროს, ფოლკლორის სახლში გურიის მაჟორიტარს, ვასილ ჩიგოგიძეს შესვლაზე უარი უთხრეს, რამაც ამ უკანასკნელის აღშფოთება გამოიწვია.

მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტარს რამდენჯერმე აუხსნეს არ შეშვების მიზეზი ის იყო, რომ მისი სახელი და გვარი მოწვეულ სტუმართა სიაში არ ფიგურირებდა – ჩიგოგიძის დაშოშმინება ვერ მოხერხდა.

პარლამენტარმა ფოლკლორის ცენტრი და მისი თანამშრომლები საჯაროდ უშვერი სიტყვებით მოიხსენია, მისი ხელმძღვანელის მისამართით კი, ასევე საჯაროდ რამდენჯერმე შეიგინა.

მისი დაოკება საბოლოოდ ოზურგეთის სახელმწიფო დრამატურ თეატრში მოხერხდა, როცა შენობაში უპრობლემოდ შეშვებულს პრემიერაზე “კაი ლაზათიანად ჩაეძინა”.

   

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: