არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნები” [ISFED] ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესზე განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ რეორგანიზაციის პროცესი ნაჩქარევი და დაუსაბუთებელია:
“ცესკოში 2021 წელს განხორციელებული სტრუქტურული რეორგანიზაციის პროცესი სათანადოდ დასაბუთებული არ არის და აჩენს განცდას, რომ რეორგანიზაცია ნაჩქარევად მიმდინარეობს, რასაც მოწმობს 5-მარტიდან – 14 მაისის პერიოდში, რეგლამენტში ორჯერ განხორციელებული ცვლილება და ახლად შექმნილი დეპარტამენტების მოკლე ვადაში კვლავ რეფორმირება. მივიჩნევთ, რომ ნებისმიერი ინსტიტუციური გარდაქმნა უნდა განხორციელდეს ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირების შემდეგ. შესაბამისად, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, საარჩევნო რეფორმის დასრულებამდე უნდა შეაჩეროს მიმდინარე სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები, რადგან ეს, ერთი მხრივ, გაუგებარია მიმდინარე რეფორმის ფონზე, ხოლო მეორე მხრივ, მოკლებულია ლეგიტიმაციას ცესკოს სრულად დაკომპლექტებამდე”, – ვკითხულობთ ორგანიზაციის განცხადებაში.