მდინარე განგი კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანების ცხედრებით ივსება – სანაპიროზე, სადაც პოლიცია პატრულირებს, სამართალდამცველები ცხედრებს აგროვებენ და მდინარის ნაპირზე კრემაციას უტარებენ. ზოგიერთ ქალაქში კი, სადაც გარდაცვლილთა რიცხვს უკვე კრემატორიუმები ვეღარ იტევს, ცხედრებს პირდაპირ ქუჩებში წვავენ.
ინდური შტამის გავრცელების პარალელურად, იზრდება ახალი მომაკვდინებელი ვირუსების გავრცელების რისკი. ინდოეთის ჯანდაცვის ექსპერტებმა განაცხადეს, რომ კოვიდ-19-ის სტეროიდებითა და იმუნოდეპრესანტებით მკურნალობამ მუკორმიკოზის ინფექციის, იგივე შავი სოკოს, განვითარება განაპირობა, რაც, ხშირ შემთხვევაში, ლეტალურად სრულდება.
ინდური შტამი, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ შემაშფოთებელი ვირუსის კვალიფიკაცია მიანიჭა, ვრცელდება ევროპის კონტინეტზეც, სადაც ბოლო 24 საათში კორონავირუსით 60 000 ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო ინდოეთის მეზობელ სახელმწიფოებში ინდური შტამის გავრცელების პრევენციისთვის, პაკისტანსა და ბანგლადეშში ლოკდაუნი გამოცხადდა.