დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის ადვოკატის განცხადებით, „რუსთავი 2“-ის უძრავ ქონებას ყადაღა დაედო

„რუსთავი 2“-ის დამფუძნებლების დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის ადვოკატის კახა კოჟორიძის განცხადებით, სასამართლოს განჩინებით, „რუსთავი 2“-ის უძრავ ქონებას ყადაღა დაედო.

,,კოჟორიძე და იურისტები“ საადვოკატო მომსახურებას უწევს „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლებს, დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს. სასამართლოს განჩინებით ყადაღა დაედო „რუსთავი 2“-ის უძრავ ქონებას – მიწის ნაკვეთებსა და მათზე არსებულ ყველა შენობა-ნაგებობას. აქამდე, ჩვენი მოთხოვნის საფუძველზე, დაყადაღებული იყო „რუსთავი 2“-ის 60% წილი. ახლა, ასევე დაყადაღდა „რუსთავი 2“-ის უძრავი ქონება სრულად.

ჩვენ ასევე ვითხოვდით „რუსთავი 2“-ის მოძრავი ნივთების დაყადაღებას და ქიბარ ხალვაშისთვის გარკვეული უფლებამოსილებების შეზღუდვას. ჯ.აქიმიძე და დ.დვალი ითხოვდნენ ზუსტად იმ ღონისძიებებს, რაც სასამართლომ ქიბარ ხალვაშის მიერ 2015 წელს შეტანილ სარჩელზე გამოიყენა. მიუხედავად ამისა, რ2-ის დამფუძნებელთა მიმართ სასამართლომ კვლავ შერჩევითად იმოქმედა და ამ ნაწილში მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდება კანონით დადგენილი წესით. გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ მექანიზმს, რომ „რუსთავი 2“ დაუბრუნდეს მის დამფუძნებლებს“, – წერს კახა კოჟორიძე სოციალურ ქსელში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share