პოლიტიკოსი, ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია ამბობს, რომ ‘ოცნებამ” მას და ქართველ ხალხს იმედები გაუცრუა. მმართველ გუნდს ბევრ რამეში ადანაშაულებს და ფიქრობს, რომ მალე ისინი ხელისუფლებიდან წავლენ – ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით ერთადერთი შემიძლია ვთქვა – ქვეყანას პატრონი არ ჰყავს. რაიონიდან ჩამოსულმა მეგობარმა მითხრა, ისეთი შეგრძნება მაქვს, მგონია, ბავშვთა სახლში ვარ და იმიტომ, რომ პატრონი არ მყავს, ცუდად მექცევიანო. ასეთი განცდაა დღეს ჩვეულებრივ ადამიანებში.
მერწმუნეთ, “ქართული ოცნება” ვერ გადალახავს 43-პროცენტიან ბარიერს, ეს გამორიცხულია და მას მოუწევს ვადამდელი არჩევნების ჩატარება და იქაც პირწმინდად წააგებენ. მართლა ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე “ქართულ ოცნებას” დავუპირისპირებოდი, იმდენად დიდ იმედთან და გრძნობებთან არის დაკავშირებული 2011- 2012 წლები. იმდენად დიდი ბედნიერება იყო ბიძინას პოლიტიკაში მოსვლა, ჩვენი ერთად გამარჯვება და, საბოლოოდ, ყველაფერი ძალიან ცუდად დაგვირგვინდა. გული ძალიან მწყდება, რომ ეს ადამიანი აიძულეს, პოლიტიკიდან წასულიყო და გული მწყდება, რომ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო იმით, რომ ამათ დაუტოვა თავისი შექმნილი პირმშო, “ქართული ოცნება”-აცხადებს ხოფერია “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში.