საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებისთვის საქართველოდან გერმანიაში წასული 24 მოქალაქე უმძიმეს სამუშაო პირობებშია, ასე ეხმიანება: ,,თუნდაც ის მძიმე კადრები, რომელიც ყველამ ვნახეთ და რომელზეც რეაგირება მაქსიმალურად ეფექტურად უნდა განხორციელდეს, დროულად გამოსწორდეს ის პირობები, ვერ დააყენებს პროექტის მიზნობრიობას და მის მნიშვნელობას ეჭვქვეშ. ის ფაქტი, რომ ეს იყო ლეგალური დასაქმება და ამ ადამიანებს შეეძლოთ ხმამაღლა ესაუბრათ თავიანთი დასაქმების პირობებზე და იმ გაუსაძლის მოცემულობაზე, რომელშიც იყვნენ, აპრიორი ამართლებს ამ პროგრამის მნიშვნელობას. ბევრ სხვა შემთხვევაში შეიძლება ჩვენი მოქალაქეები ვერც კი ამჟღავნებენ და საუბრობენ დასაქმების მძიმე პირობებზე. კონტრაქტის ფარგლებში დამსაქმებელს დაეკისრება სათანადო პასუხისმგებლობა და დასაქმების სააგენტომ ყველა აუცილებელი ნაბიჯი გადადგა. დღეს ძირითადი პრობლემა მოგვარებულია და აუცილებლად მიეცემა მას რეაგირება, ასევე პრევენციულად იქნება გადამოწმებული, რომ ჩვენი სხვა მოქალაქეები, რომლებიც ამ პროგრამით წავიდნენ არ აღმოჩნდნენ მსგავს ვითარებაში. მიუხედავად იმისა, რომ გერმანია ყველასთვის ასოცირდება მშრომელების უფლებების დაცვასთან და ღირსეულ დასაქმების პირობებთან, იქაც შეიძლება მსგავსი ფაქტები აღმოჩნდეს და მთავარია რეაგირება გაკეთდეს.
შეიძლება კარგად ჟღერდეს, რომ „რატომ უნდა იყოს იძულებული საქართველოს მოქალაქე წავიდეს მიგრაციით სხვა ქვეყანაში“, თუნდაც ეკონომიკურად უფრო ძლიერ ქვეყანაში, ისეთი როგორიც გერმანიაა, ამაზე გულისწყრომა შესაძლოა სასიამოვნო მოსასმენი იყოს, თუმცა არა გონივრული. მთელს ევროპაში ძალიან ინტენსიურია სამუშაო მიგრაცია, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან გადადიან დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, სადაც უკეთესი ანაზღაურების და დასაქმების პირობებია. ამაში არაღირსეული არაფერი არ არის და თუ ეს მათ ყოფით პირობებს გააუმჯობესებს და შემოსავალს გაზრდის, რა თქმა უნდა კარგია“-აღნიშნა წილოსანმა.