“2008-2020 წლებში გელათში მიმდინარეობდა ძეგლისათვის საზიანო ექსპერიმენტი”

კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, 2008 წლიდან 2020 წლამდე, გელათის სამონასტრო კომპლექსზე მიმდინარეობდა ძეგლისათვის საზიანო ექსპერიმენტი. მანვე სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მოუწოდა ყველას, “ნუ დაბოდიალობთ ხარაჩოებზე”, რადგან ეს უფრო აზიანებს ფრესკებს.

“ამას ერქვა 2008 წლიდან შუასაუკუნეობრივი და საქართველოს ოქროს ხანის დროინდელი კრამიტით გადახურვის მეთოდის აღორძინება და ამ ძველი მეთოდის აღორძინებისთვის, სამწუხაროდ, შეირჩა სწორედ საექსპერიმენტოდ გელათი. მე ვთვლი, რომ ეს იყო დიდი შეცდომა.

ამგვარმა ექსპერიმენტმა დააზიანა ძეგლი და მინდა ყველას გთხოვოთ, ნუ დაბოდიალობთ ხარაჩოებზე”, – თქვა წულუკიანმა.

მანვე განაცხადა, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაუკმაყოფილა მოთხოვნა, გელათში, ხარაჩოებზე არაუფლებამოსილი პირი აღარ აუშვან.

კულტურის მინისტრმა, ასევე აღნიშნა, რომ ერაყიდან ჩამოვა იქ მყოფი იტალიელი ექსპერტი, რომელიც გელათის სახურავის მდგომარეობას შეისწავლის.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share